14 დეკემბერს ავატარის მეორე ნაწილის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მფლობელი სტუდია Disney რუსული ბაზრიდან გასულია, კინოთეატრებში ბლოკბასტერის ჩვენებები მაინც გაიმართა.
ავატარი 2-ის რუსული პრემიერა 22 დეკემბერს შედგა. კინოთეატრებმა კანონის დარღვევის ხარჯზე ფილმის მაღალხარისხიანი ასლი სხვა რუსულენოვანი კინოგაქირავების მქონე ქვეყნებიდან(როგორებიც არის ყაზახეთი და ბელარუსი) მოიპოვეს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსხვილი კინოკომპანიები რუსეთიდან გავიდნენ. კომპანიებს დიდად არ უზარალიათ, ვინაიდან რუსული ბაზარი საერთო შემოსავლის 5%-ს შეადგენდა, სამაგიეროდ რუსული კინოთეატრები თავიდან ბოლომდე უცხოურ პროდუქციაზე იყვნენ დამოკიდებულნი, რის გამოც 2022 წელს რუსეთში კინოთეატრების 41% დაიხურა. კინოთეატრების ასოციაციის განმარტებით რუსული ფილმები უცხოურ პროდუქციასთან შედარებით პოპულარობით არ სარგებლობს.
დღევანდელი კანონმდებლობით არალიცენზირებული ფილმების ჩვენება დასჯადია, კინოთეატრების წარმომადგენლებმა არაერთხელ სთხოვეს სახელმწიფოს დროებით მეკობრეობასთან ბრძოლის კანონები შეემსუბუქებინა ან გაეუქმებინა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური შეთანხმება არ შემდგარა, კინოთეატრები არაფორმალურად, ლიცენზიის გარეშე და კანონის დარღვევით უცხოურ ბლოკბასტერებს მაინც აჩვენებენ.