Hollywood Reporter-მა ახლახან ჩვეული ერთსაათიანი ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელსაც Actress Roundtable ჰქვია და შოუ-ბიზნესის ყველაზე წარმატებულ ქალ მსახიობებს კრებს ერთად ინდუსტრიაში მომხდარი ცვლილებების, საკუთარი გამოცდილებების თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. ერთ-ერთი ამ მსახიობთაგანი წელს ჯენიფერ ლოურენსი იყო, რომელმაც თავის ახალ ფილმზე Causeway-ზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალ რეჟისორთან ერთად მუშაობა მისთვის გაცილებით უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე კაცთან.
"საოცარი იყო ტოქსიკური მასკულინობისგან მოშორებით ყოფნა — მისგან ცოტა დასვენება," — განაცხადა მსახიობმა. —"მე ხომ ბრაიან სინგერთან მაქვს ნამუშევარი. მინახავს ემოციური კაცები, რომლებიც ლამის კრუნჩხვებშიც ჩავარდნილან გადასაღებ მოედანზე. ძალიან მიყვარს ქალ რეჟისორებთან ერთად მუშაობა."
ჯენიფერს ცნობილი რეჟისორის, ბრაიან სინგერის, 4 სხვადასხვა ფილმში უთამაშია — X-Men, First Class, Days of Future Past და Apocalypse, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მასთან მუშაობა არც თუ ისე სასიამოვნო ყოფილა მსახიობისთვის.
ჯენიფერ ლოურენსი პირველი მსახიობი არაა, ვინც ბრაიან სინგერის მიმართ ანტიპათია გამოხატა. მასთან მუშაობით სხვადასხვა დროს უკმაყოფილოები იყვნენ ჰალი ბერი, რემი მალეკი და სოფი ტერნერიც. ყველა მათგანმა რეჟისორთან თანამშრომლობას "უსიამოვნო" უწოდა და აღნიშნა, რომ ბრაიანი ხშირად ჩხუბობდა გადასაღებ მოედანზე.
ჯენიფერ ლოურენსის განცხადებას ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოებას, რა თქმა უნდა, არც დანარჩენი მსახიობების რეაქციები გამოეპარა ბრაიან სინგერის სახელის გაგონების დროს.