ჯაბა სამუშია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს. რექტორის არჩევნები ცოტა ხნის წინ დასრულდა, სადაც აკადემიური საბჭოს წევრებმა, კენჭისყრის შედეგად თსუ-ს რექტორად წარმოდგენილ ერთადერთ კანდიდატს, ჯაბა სამუშიას დაუჭირეს მხარი. ის თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ 30-ე რექტორად 4 წლის ვადით აირჩია. ჯაბა სამუშია ამ დრომდე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ახლად არჩეული რექტორის განცხადებით, ის სტუდენტებთან დისკუსიისთვის მზად არის.მანამდე კი უნივერსიტეტში ხმაური იყო. "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად გუშინ გვიან ღამით საარჩევნო ოთახის შესასვლელის გადაკეტვა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დაცვამ მათ ამის საშუალება არ მისცა. სტუდენტებთან შეთანხმება შედგა. ჯაბა სამუშია მათ დაჰპირდა, რომ არჩევის შემდეგ მათი მოთხოვნების შესრულებაზე იმუშავებს. მაისის სტუდენტური მოძრაობის წევრების თქმით თუკი რექტორი მათი პირობების შესრულებას არ დაიწყებს ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება.