26 დეკემბერს, სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება, GFF Awards 2022 გაიმართა.
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა, ამავე ჯილდოს სხვა ნომინანტები კი „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი და ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იყვნენ.
2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ანზორ მექვაბიშვილი დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად კი გიორგი ჭიაბრიშვილი.
„დინამო ბათუმიდან“ - 2022 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ჯოვინო, ხოლო სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად სანდრო ალთუნაშვილი დასახელდნენ.