"ბიზნეს პალიტრა" - პრივატიზაციიდან ბიუჯეტში 157 მლნ შევიდა - წლიური გეგმა 300 მილიონი ლარია
საქართველოს მთავრობა პრივატიზაციის გეგმას ჩამორჩება. ამის შესახებ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 11 თვის ანგარიშიდან ირკვევა. საქმე ის არის, რომ წელს მთავრობა სახელმწიფო ქონების რეალიზაციიდან 300 მილიონი ლარის შემოსავალს ელის, თუმცა 11 თვეში პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 156 მლნ 600 ათასი ლარია შემოსული, რაც საპროგნოზო მოცულობის 52.2%-ია.
ძირითადი აქტივების გაყიდვიდან შემოსულობებმა 134 მლნ ლარს გადააჭარბა, რაც წლიური საპროგნოზო მოცულობის 49.6%-ია, ხოლო არაწარმოებული აქტივების ანუ მიწის და სხვა ბუნებრივი რესურსების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსულობებმა - 23 მლნ ლარს მიაღწია, ეს კი საპროგნოზო მოცულობის 75.2%-ია.
აღსანიშნავია, რომ შესრულების შედარებით დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ პრივატიზაციის 300-მილიონიანი გეგმა არ შეცვალა.
შეგახსნებთ, რომ მოამავალი წლის ბიუჯეტის თანახმად, მთავრობა სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის შემოსავალს ელის 2023 წელს.
თემაზე გადაცემაში "ბიზნეს პალიტრა" გირჩის ერთ-ერთი ლიდერი და ეკონომისტი სანდრო რაქვიაშვილი საუბრობს.