2022 წელი არცთუ ისე მოგებიანი აღმოჩნდა პლანეტის უმდიდრესი ადამიანებისთვის. უკრაინაში მიმდინარე ომმა და ინფლაციამ გავლენა მათ შემოსავალზეც მოახდინა. Forbes-ის შეფასებით, 2022 წელს მილიარდერებმა ჯამში თითქმის 3 ტრილიონი დოლარი დაკარგეს, რის შედეგადაც, მათი კოლექტიური ქონება 14 ტრილიონიდან 12 ტრილიონამდე შემცირდა.
კლება შეინიშნება მილიარდერთა რაოდენობაშიც. საბოლოო ჯამში, Forbes-ის მონაცემებით, ამჟამად მსოფლიოს 2,671-ის მაგივრად 2,523 მილიარდერი ჰყავს. თუმცა ყველაზე მეტად დაზარალებულები ტექნოლოგიური სფეროს მილიარდერები აღმოჩნდნენ, რომელთაც კოლექტიურად $1 ტრილიონი დაკარგეს.
Amazon-ის აქციების 50%-იანი ვარდნით, ჯეფ ბეზოსის წმინდა ქონება $80 მილიარდით შემცირდა, Alphabet-ის აქციები კი 36%-ით დაეცა, რის გამოც კომპანიის თანადამფუძნებლებმა 40 მილიარდი დოლარი იზარალეს. 27%-ით დაეცა ბილ გეიტსის Microsoft-ის აქციები, ხოლო Meta-ს აქციების 66%-იანი ვარდნის შედეგად, მარკ ცუკერბერგი წელს $78 მილიარდით უფრო ღარიბია. მასკმა, რომელმაც 2022 წელი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის წოდებით დაიწყო, წლის განმავლობაში $115 მილიარდი დაკარგა.