ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს, ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში, რითაც სალომე ზურაბიშვილისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელს ულოცავს.
„გილოცავთ და ვულოცავ სრულიად საქართველოს თქვენი აღსაყდრების 45 წლის იუბილეს.
საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის ისტორიაში ამ წლებს შეგვიძლია ჩვენი საზოგადოების ხელახალი მოქცევის ეპოქა ვუწოდოთ. დღეს რთული წარმოსადგენია, მაგრამ სამყაროში, რომელსაც საქართველო 45 წლის წინათ ეკუთვნოდა, ქრისტიანული მსოფლმხედველობა იდევნებოდა, როგორც ფასეულობა, უარყოფილი იყო.
სწორედ ამიტომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ერის სულიერი წინამძღოლობის მძიმე ტვირთო გერგოთ და მიუხედვად ყველა წინააღმდეგობისა, თქვენი სამწყსო ქრისტეს ჭეშმარიტ გზაზე ატარეთ. ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი კულტურა, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებაში თქვენი წვლილი უდიდესია, დღეს ევროპულ ოჯახში შესვლისას, საქართველოს უმთავრესი საყრდენი იქნება.
მსოფლიოს, ევროპისა და სრულიად საქრისტიანოსათვის ამ უმძიმეს ჟამს, როდესაც უკრაინაში, ევროპის გულში, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქებსა და სოფებს ანადგურებს გვახსენდება 2008 წლის ომის დროს თქვენი ღვაწლი, როდესაც უდიდესი დათმენით შეხვდით საქართველოს თავსდამტყდარ განსაცდელს. შებრძანდით საქართველოს ოკუპირებულ ზონებში და ჩვენი დაღუპული მოქალაქეების ცხედრები გამოასვენეთ. ეს ნაბიჯი არა მხოლოდ თქვენი, არამედ მთელი ქართველი ერის მტერზე სულიერი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.
თქვენი მოღვაწეობით არა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიების, არამედ სრულიად საქრისტიანოს მსოფლიოს პოლიტიკური თუ სულიერი ლიდერების პატივისცემა დაიმსახურეთ. რომის პაპის თქვენდამი უდიდესი პატივისცემისა და ძმური სიყვარულის ნიშნად, წელს სიქსტის კაპელაში უძველეს ქართული საგალობლებთან ერთად თქვენი შექმნილი საგალობლებიც გაისმა, რაც საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობის ისტორიაში ახალ ოქროს ფურცლად ჩაიწერა.
თქვენი მოღვაწეობთ დაიმსახურეთ გულწრფელი სიყვარულ როგორც საქართველოში, ის ემიგრაციაში.
ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს, გისურვებთ დღეგრძელობას და ჯანის სიმრავლეს“, - წერს პრეზიდენტი წერილში.