მაშინ, როცა ცხოველები თავიანთ ბაგაში იკვებებიან, მამაკაცები და ქალები ჩვენს სამყაროში, სიმდიდრისა და ძალაუფლების შიმშილით, მათ მეზობლებსაც, ძმებსა და დებსაც კი ჭამენ , - ამის შესახებ პაპმა ფრანცისკემ უკრაინის ომსა და სხვა კონფლიქტებზე აშკარა მითითებით, ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გამართულ საშობაო ღვთისმსახურებისას განაცხადა.
საშობაო ქადაგებაში პონტიფიკოსმა ომი, სიღარიბე და ხარბი კონსუმერიზმი დაგმო.
„რამდენი ომი გვინახავს! და რამდენ ადგილას, დღესაც, ადამიანურ ღირსებასა და თავისუფლებას არად აგდებენ! როგორც ყოველთვის, ამ ადამიანური სიხარბის ძირითადი მსხვერპლი სუსტები და მოწყვლადები არიან“, - აღნიშნა კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა.
პაპის თქმით, იესოს ბაგაში წოლა გვიჩვენებს, თუ სად არის „ცხოვრებაში ნამდვილი სიმდიდრე: არა ფულსა და ძალაუფლებაში, არამედ ურთიერთობებსა და ადამიანებში“.
საშობაო მესას წმინდა პეტრეს ბაზილიკაში დაახლოებით 7000 მორწმუნე ესწრებოდა.