562 ქალი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით წერილობით მიმართავს, - გამოიყენოს მისთვის ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად.
მიმართვის ტექსტს პარტია “დროა“ ავრცელებს და განმარტავს, რომ წერილზე ხელმომწერ ქალებს 562 აერთიანებთ ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის გადარჩენის ამოცანა.
მათივე განმარტებით, წერილი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას.
„საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მოგმართავთ საქართველოს მოქალაქეების სახელით, რომლებსაც ახლა გვაერთიანებს ადამიანის სიცოცხლის, საქართველოს ევროპული პერსპექტივის, სამოქალაქო თანხმობისა და მშვიდობის შესაძლებლობის გადარჩენის ამოცანა. რომლებისთვისაც კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფოსგან უარის თქმა კონსტიტუციურ ვალდებულებაზე: დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, პატივი სცეს ადამიანის ძირითად უფლებებს, არ დაუშვას წამება და სასტიკი მოპყრობა, არ დაუშვას სიკვდილით დასჯა.
გადადგით ნაბიჯი, რომელსაც თქვენგან საქართველოს სასიცოცხლო ინტერესები მოითხოვს.
იმოქმედეთ, რათა თანამედროვე საქართველოში მეორედ და დიდი ხნით არ დავკარგოთ ძალა ერთმანეთის გაგონების. ერთმანეთში ადამიანის პოვნისა და დაფასების.
გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული კონსტიტუციური ბერკეტები საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად და საქართველოს ევროპული პერსპექტივის დასაცავად. აღასრულეთ საქართველოს გონიერი და ჰუმანური მოქალაქეებისა და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მეგობრების მოწოდება - მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ნიკა გვარამიას შესაწყალებლად.
არ დაუშვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წამებაში მოკვლა და ამ ქვეყანაში პოლიტიკურ შურისძიებაზე უარის თქმის პერსპექტივის გაქრობა.
სასწრაფოდ იმოქმედეთ შემდგომი პოლარიზაციის და სახელმწიფოს დეჰუმანიზაციის წინააღმდეგ.
მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - დამოუკიდებელი, პროდასავლური საქართველოს იდეისთვის, სადაც არავინ შეიძლება დევნონ, აწამონ და მოკლან ვლადიმირ პუტინის სცენარის მიხედვით.
მოგიწოდებთ, შეასრულეთ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური, ისტორიული და ადამიანური ვალდებულება“, - ნათქვამია წერილში