მიხეილ სააკაშვილს თვეების განმავლობაში უმალავდნენ საზოგადოებას, მაგრამ მე მქონდა მისი მონახულების შესაძლებლობა და ვხედავდი, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, განსაკუთრებით სწრაფად ბოლო თვეების განმავლობაში. ამის ნახვა საშინელება იყო. გავრცელებული კადრები ცხადად აჩვენებს, რამდენად გაუარესებულია მისი მდგომარეობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ავრცელებს ინსინუაციებს, რომ ეს ყველაფერი ყალბია, მაგრამ როდესაც ხედავ კადრებს, ცხადია, რამდენად მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
კითხვაზე, ხომ არ ნანობს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას, ედუარდ სააკაშვილმა უპასუხა: „რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, არ მინდა მის მაგივრად ვილაპარაკო, მაგრამ ვიტყოდი, რომ გამომდინარე იქიდან, რაც მოხდა, ეს იყო მცდარი ნაბიჯი“.
„ის, როგორი რეაგირებაც საქართველოს მთავრობას ჰქონდა, ცხადია იმაზე უარესი იყო, რასაც ვინმე ელოდა. ერთია ვინმე ჩასვა ციხეში, ეს რა თქმა უნდა, მძიმეა ოჯახისთვის, მაგრამ მეორეა ადამიანის ასეთი უგულებელყოფა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში, აშკარაა, რომ ფაქტობრივად სიცოცხლისთვის ბრძოლის ზღვარზეა - ეს მოულოდნელი იყო“, - განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.