სანკტ-პეტერბურგის მუნიციპალურმა დეპუტატმა ნიკიტა იუფერევმა მიმართა გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელებას ეხება, - ინფორმაციას გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.
იუფერევი ითხოვს გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემოწმებას, რომლის დროსაც მან წარმოთქვა სიტყვა „ომი“.
„ჩვენი მიზანი არ არის სამხედრო კონფლიქტის ამ ბორბლის დატრიალება, არამედ, პირიქით, ამ ომის დასრულება, ჩვენ ამისკენ ვისწრაფვით და გავაგრძელებთ“, - განუცხადა პუტინმა ჟურნალისტებს.
„ომის შესახებ ასეთი სიტყვებისთვის უკვე რამდენიმე ათასი ადამიანია გასამართლებული“, - აცხადებს იუფერევი.