აშშ-ის სენატმა მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, სადაც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარებაა გათვალისწინებული. უკრაინის ომთან დაკავშირებული მუხლი, სამხედროების წვრთნას, აღჭურვას, ლოჯისტიკას, სადაზვერვო მხარდაჭერასა და ასევე მარაგების შევსებას ითვალისწინებს. ამასთან ერთად, ამერიკის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტის დამტკიცებამდე სენატმა ასევე დაამტკიცა შესწორება, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული ფინანსური აქტივების გასხვისებით მიღებული შემოსავალის უკრაინისთვის გადაცემას ითვალისწინებს.