ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლისთან 2023 წლის დასაწყისში ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ გავლენიანი იტალიური გამოცემა გაძეტა დელო სპორტი იტყობინება.
ნაპოლის კვარას შენარჩუნება სურს და როგორც სჩანს, მიზანსაც მიაღწევს, რადგანაც ფეხბურთელის აგენტ მამუკა ჯუღელსა და ნაპოლის სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა.
იტალიური გაზეთი წერს, რომ ხელშეკრულება ერთი წლით, 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება და მთავარი ისაა, რომ ნაპოლი კვარაცხელიას ხელფასს, რომელიც ახლა წელიწადში 1.2 მილიონ ევროს შეადგენს, გაუორმაგებს.
ნეაპოლური კლუბი ამ ნაბიჯით ხვიჩას შენარჩუნებას ეცდება, რადგან ევროპული კლუბები 21 წლის ქართველი ფეხბურთელისადმი დიდ ინტერესს იჩენენ.
აღსანიშნავია, რომ გუშინ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერდა, რომ იანვრის დასაწყისში მამუკა ჯუღელი და ნაპოლის წარმომადგენლები სწორედ კონტრაქტის განახლების საკითხზე შეხვდებიან. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმება მართლაც დროის საკითხია.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლისთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 17 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 8 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.