100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ შესანიშნავად იასპარეზა, ყველა შეხვედრა მოიგო და ოქროს მედალს სრულიად დამსახურებულად დაუეფლა.
სულამანიძემ ასპარეზობა უნგრელი შომბორ ვეგის დამარცხებით დაიწყო, რასაც აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვსა და ისრაელის წარმომადგენელ პეტერ პალჩიკთან მოგებები მოჰყვა. ილიამ ნახევარფინალში არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე ჯაფარ კოსტოევს აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც ნიდერლანელ სიმეონ კატარინას მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში სულამანიძე მეტოქეს აშკარად სჯობდა, მაგრამ მხოლოდ დამატებით დროში შიდოების ხარჯზე მოიგო.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა ლუკა მაისურაძემ (-90 კგ), რომელიც ბრინჯაოს დაეუფლა.
ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა იერუსალიმის მასტერსი 3 მედლით დაასრულა. ილია სულამანიძის გარდა, მედლები ტატო გრიგალაშვილმა (ოქრო) და ლუკა მაისურაძემ (ბრინჯაო) მოიპოვეს. საქართველო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ იაპონიასა და საფრანგეთს ჩამორჩა, ხოლო თუ ქალთა შედეგებს არ გავითვალისწინებთ, უკეთესი შედეგი მხოლოდ იაპონიამ აჩვენა (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).