მთავრობამ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი 13-ნახევარ მილიონ დოლარად გამოისყიდა და მასზე აუქციონი 2023 წელს გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ ხუდონჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტში ენგურის ზედა ნაწილში ჰესის მშენებლობას ითვალისწინებდა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის და სხვა ნაგებობების მშენებლობას. მისი დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი 1,5 მლრდ კვტ/სთ უნდა ყოფილიყო. ინვესტიციად დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი სახელდებოდა.
პროექტი ინდურ კომპანია „ტრანსელექტრიკს" უნდა განეხორციელებინა. აღსანიშნავია, რომ ქართულ ენერგეტიკაში ჯამში 4 მლრდ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტებია გაჩერებული.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დიდი ჰესები - ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონი მხოლოდ სახელმწიფოს ჩართულობით უნდა განხორციელდეს, თუმცა, შედარებით მცირე ენერგო-პროექტებში ინვესტორების ჩართულობას მიესალმება.
ცნობისთვის, 2020 წელს პანდემიის გამო, საქართველოს საგარეო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის გამოც ამჟამად ქვეყანას დიდი ზომის ახალი საგარეო ვალების აღება გარკვეული წლების განმავლობაში აღარ შეეძლება.
თემაზე გადაცემაში "საქმე" ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორი მურმან მარგველაშვილი საუბრობს