საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის შეფასებით, მიმდინარე ეკონომიკური აქტივობის დონე მის პოტენციურ დონეს აღემატება, რაც, საგარეო შემოდინებების შედეგად ლარის გაცვლითი კურსის გამყარების მიუხედავად, ინფლაციის შენელებას აფერხებს. აღნიშნული რისკების საპასუხოდ, ეროვნული ბანკი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს.არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის დღევანდელი გადაწყვეტილება, ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების გამომწვევი შიდა და გარე გრძელვადიანი ფაქტორების შენარჩუნების შედეგია. ამასთან, ორგანიზაციამ, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 1 ნოემბრის მდგომარეობით, ამჟამად ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 9 მილიარდ 900 მლნ ლარის სესხები არის მიბმული, ჯამში 184 400 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. აქედან 81 600 სამომხმარებლო ტიპის სესხია, ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ნოემბრის მდგომარეობთ 21.09% შეადგინა. რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 72 500 სესხია მიბმული, საშუალოდ 14.32%-ში. 29 200 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 ოქტომბერთან შედარებით 800-ით ნაკლებია. ყველაზე მცირე რაოდენობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხია გაცემული. 21 მლნ ლარზე მეტი ბანკებმა საშუალოდ 23.64%-ში გაასესხეს.
საპროცენტო განაკვეთებსა და ეროვნული ბანკის პოლიტიკაზე სასაუბროდ გადაცემა "საქმის" სტუმარია ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი