Netflix-ის სერიალი ჯინი და ჯორჯია, რომელმაც მაყურებელს რაღაცით გილმორის გოგოები მოაგონა, მე-2 სეზონით ბრუნდება. სერიალის პრემიერა 2023 წლის 5 იანვარსაა დაგეგმილი.
შოუს მთავარი გმირები მარტოხელა დედა ჯორჯია და მისი თინეიჯერი შვილი ჯინი არიან, რომლებიც პატარა ქალაქში გადადიან საცხოვრებლად, რათა არც თუ სახარბიელო წარსულს გაექცნენ. მე-2 სეზონი გვიჩვენებს დედა-შვილის ურთიერთობას მას შემდეგ, რაც ჯინი დედის დიდ საიდუმლოს შეიტყობს და მიხვდება, რომ მისი მამინაცვალი ბუნებრივი მიზეზებით სულაც არ გარდაცვლილა.
ჯინის დედის წარსულთან შეგუება უჭირს, განსაკუთრებით კი იმ ფაქტთან, რომ მძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ მაინც შეუძლია, ნორმალურად განაგრძოს ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა. ჯორჯია კი ცდილობს, წარსული წარსულად დატოვოს და ქალაქის მერთან ქორწინებით ახალი ცხოვრება დაიწყოს.
ვნახოთ, კიდევ რას გვიმზადებს მე-2 სეზონი.