საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თეიმურაზ ჯანჯალიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის საქართველო ევროკავშირის მხრიდან კითხვარის მეორე ნაწილის შეფასების გამოქვეყნებას ელოდება. მისივე ინფორმაციით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებას. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით კი, სახალხო დამცველის შერჩევის მიზნით კენჭისყრის პროცესი თუ ჩავარდება, ეს არ იქნება ევროკომისიის რეკომენდაციების დარღვევა, რადგან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რეკომენდაციების შესრულებისთვის დრო კიდევ არის. როგორც ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის მიზანია, მიმდინარე წლის ბოლომდე, მაქსიმალური შედეგი აჩვენოს 12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით.