აზერბაიჯანის მთავრობამ გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აზერბაიჯანელების ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო ანაზღაურების მოთხოვნით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სომხეთის წინააღმდეგ განაცხადი შეიტანა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანმა წარადგინა 2022 წლის მაის-აგვისტოში სომხების ქალაქ ლაჩინიდან და ორი მეზობელი სოფლიდან გასვლის დროს ქონების, მათ შორის სამოქალაქო პირების სახლისა და სხვა საცხოვრებელი ფართის, განზრახ განადგურების მტკიცებულებები.
„ამ ტერიტორიების ეფექტური კონტროლის მიუხედავად, სომხეთის მთავრობამ არაფერი გააკეთა განადგურების თავიდან ასაცილებლად. აზერბაიჯანის მთავრობამ ასევე დაინახა მტკიცებულება იმისა, რომ სომეხი ოფიციალური პირები აქტიურად მონაწილეობდნენ „გადამწვარი მიწის“ პოლიტიკაში“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე მტკიცებით, სომხეთის მთავრობა სისტემატურად არღვევს ადამიანის უფლებებს ლაჩინის გზაზე.
„ახლახან აღმოჩენილი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ სომხეთის არმია აგრძელებს დანაღმვას და სამოქალაქო პირთა სახლების დაზიანებას იმ რაიონებში, საიდანაც სომხეთს 2020 წლის ნოემბრის სამმხრივი განცხადების მიხედვით მოეთხოვებოდათ გასვლა“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, აზერბაიჯანი ითხოვს კომპენსაციას, რეპარაციას, რესტიტუციას, ხარჯების ანაზღაურებას ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის სანაცვლოდ.
“აზერბაიჯანი გააგრძელებს ძალისხმევას იმისთვის, რომ სომხეთის მთავრობამ პასუხი აგოს ადამიანის უფლებათა მიზანმიმართული დარღვევისთვის“, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.