The Economist-მა 2022 წლის ქვეყნად უკრაინა დაასახელა.
გამოცემა უკრაინული ერის გმირობასა და მჩაგვრელისადმი წინააღმდეგობას აღნიშნავს.
“საშობაო ორმაგი გამოცემისთვის ჩვენი წლის ქვეყნის არჩევა ჩვეულებრივ რთულია ხოლმე. თუმცა ამჯერად არჩევანი აშკარა იყო”, - წერს გამოცემა “ტვიტერზე”.
The Economist აღნიშნავს, რომ “რუსი დესპოტისადმი” წინააღმდეგობის გაწევით უკრაინამ მეზობლები დაიცვა, ვინაიდან უკრაინის დაპყრობის შემთხვევაში მისი შემდგომი სამიზნეები შესაძლოა მოლდოვა ან საქართველო გამხდარიყვნენ, ან შესაძლებლობა ექნებოდა ბალტიის ქვეყნებისთვის შეექმნა მუქარა.
“უკრაინელებმა აჩვენეს, რომ სიცრუის გამოაშკარავება და ტერორისთვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლებელია. მათი ბრძოლა ჯერ შორსაა დასასრულისგან. მაგრამ 2022 წელს მათი მაგალითი შეუდარებელია”, - წერს გამოცემა.
The Economist უკრაინელი ერის სიმამაცეს აღნიშნავს, ვინაიდან პუტინს მოლოდინი ჰქონდა, რომ უკრაინის არმია დანებდებოდა.
“უკრაინელები დადგნენ და იბრძოლეს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო დასავლეთის შეთავაზებები გაეყვანათ კიევიდან, როდესაც სავარაუდოდ თქვა, რომ “შეიარაღება მჭირდება და არა მგზავრობა”. უბრალო უკრაინელებმაც ასეთი მხნეობა გამოიჩინეს”, - წერს გამოცემა.
ჯამში გამოცემა უკრაინელების ოთხ თვისებას გამოყოფს: გმირობას, გამომგონებლობას, გამძლეობასა და შთაგონებას.
"ისე ჩანს, რომ საშინელებებს, რომელსაც პუტინი მათ წინააღმდეგ აგრძელებს, გავლენა არ აქვს მათ საბრძოლო სულზე… მას [უკრაინას] აქვს თავისი ხარვეზები, განსაკუთრებით კორუფცია, მაგრამ მისმა მთავრობამ და ხალხმა ომამდეც უარყო პუტინიზმი და ახლა უფრო მეტად უარყოფს მას”, - წერს The Economist.