უკრაინის ვიცე-პრემიერის და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მიხაილო ფიოდოროვის ინფორმაციით, ილონ მასკი უკრაინას Starlink-ის 10 ათასზე მეტ ტერმინალს გადასცემს.
უკრაინა Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტს ომის დაწყებიდან იყენებს და ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომლის ენერგო თუ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს. მინისტრის ინფორმაციითვე, გადაცემულ მოწყობილობებს უკრაინაში მიმდინარე თვეებში ჩაიტანენ.
“SpaceX-სა და მასკს სწრაფი რეაგირება ჰქონდათ ჩვენს პრობლემაზე და სწრაფადვე დაგვეხმარნენ. მასკი ასევე დაგვპირდა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას”, - აცხადებს ფიოდოროვი და ამატებს, რომ უკრაინამ ომის დაწყებიდან ჯამში Starlink-ის 22 ათასი ტერმინალი მიიღო. ოქტომბერში SpaceX-მა განაცხადა, რომ აღარ შეუძლია, უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდება დააფინანსოს და ამისათვის თანხებს პენტაგონს სთხოვს. მასკი ამბობდა, რომ მის კომპანიას უკრაინისთვის ინტერნეტის მიწოდება უკვე 80 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა და ეს რიცხვი წლის ბოლოსთვის 100 მილიონს გადააჭარბებდა.
CNN-მა დოკუმენტიც გამოაქვეყნა, სადაც მასკი პენტაგონს ატყობინებდა, რომ პროგრამის დაფინანსება აღარ შეეძლო. დოკუმენტში ასევე ნათქვამი იყო, რომ პენტაგონს პროგრამის დაფინანსება წლის ბოლომდე 120 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდებოდა, ხოლო დამატებით 1 წლის განმავლობაში, კიდევ 400 მილიონი აშშ დოლარი. მასკსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც მილიარდერმა ე.წ. „სამშვიდობო გეგმა“ გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გამხდარიყო, ყირიმი რუსეთს უნდა გადასცემოდა და ოკუპირებული ტერიტორიების ბედი რეფერენდუმით უნდა გადამწყდარიყო.
15 ოქტომბერს SpaceX-ის დამფუძნებელმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ სატელიტური ინტერნეტით უკრაინის მხარდაჭერას უფასოდ გააგრძელებს.