შიდა ჩემპიონატში დომინაციას განაგრძობს თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია", რომელმაც სერია "ა"-ს მორიგი მატჩი იტალიის ქალაქ ბრეშაში მოიგო.
ბოლონიელებმა ანგარიშით 89:77 დაამარცხეს "ბრეშა", რაც ქართველი ფორვარდის დიდი დამსახურებაც გახლავთ. შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 25 წუთში თავი 13 ქულას, 5 მოხსნას და 2 პასს მოუყარა.
თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის ვირტუსელთაგან მხოლოდ მოჰამადუ ჟაიტესა და კაილ ვიმსს ჩამორჩა.
ცნობისთვის, ბოლონიელები კვლავაც ერთი გამარჯვებით უსწრებენ "ოლიმპია მილანოს" და სერია A-ს სათავეში რჩებიან. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 26 დეკემბერს, სტუმრად "პეზაროსთან" ჩაატარებენ.