კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაიწყო - Palitra News

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაიწყო

2022-12-19 13:06:55+04:00

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაიწყო. საკითხი ეხება აშშ-დან, მომხმარებლების მიერ ნივთის დისტანციურად შეძენისას, ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესის ცვლილებას.

განმცხადებლების მიერ სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გადამზიდმა კომპანიამ USA2GEORGIA-მ მომხმარებლების გაფრთხილების გარეშე, წონის გამოთვლის წესი შეცვალა და ნაცვლად რეალური წონისა, მოცულობითი წონის გამოთვლის ფორმულა გამოიყენა, რამაც ღირებულება მკვეთრად გაზარდა. ამასთან, ონლაინ მაღაზიების მიერ მიტანილი ნივთები USA2GEORGIA-მ ვებ-გვერდზე დაგვიანებით ასახა, რის შედეგადაც მომხმარებელს გადაფუთვის მომსახურებით სარგებლობის უფლება შეეზღუდა. განცხადებაში წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, მომხმარებლები ცვლილების შესახებ ინფორმირებულები არ იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში 70-მდე განაცხადია შემოსული, 23 ქეისზე საქმის შესწავლა უკვე დაწყებულია.