კალათბურთი | მაკფადენმა "გრან კანარიასთან" 21 ქულა ჩააგდო - ანდრონიკაშვილმა 45 წამით ითამაშა - Palitra News

კალათბურთი | მაკფადენმა "გრან კანარიასთან" 21 ქულა ჩააგდო - ანდრონიკაშვილმა 45 წამით ითამაშა

2022-12-19 10:47:26+04:00

ესპანეთში გადასულ რატი ანდრონიკაშვილს თამაში თითქმის აღარ უწევს. ლიგა ენდესას მორიგ მატჩში "მურსიას" მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ქართველი მხოლოდ 45 წამით ათამაშა. მეორეს მხრივ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი უკანახაზელი თად მაკფადენი, რომელმაც მურსიელებს "გრან კანარიას" 99:85 დამარცხებაში დიდად დაეხმარა.

მაკფადენმა 23:58 წუთი ითამაშა და თავი 21 ქულას, 2 მოხსნას და 4 პასს მოუყარა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 3-დან ერთი ორქულიანი, 7-დან 5 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. "მურსიამ" მხოლოდ მეორე მეოთხედი წააგო, დარჩენილ მეოთხედებში კი მეტოქეს მარტივად აჯობა.

ქართველების გუნდი ჩემპიონატში 12 ქულით მე-10 ადგილზეა. მურსიას მომდევნო მეტოქე ჩემპიონატში "უნიკახა" იქნება, რომელიც მესამე ადგილზეა.