36-წლიანი პაუზის შემდეგ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ბოლოს აღნიშნული ტიტული არგენტინის ნაკრებმა 1986 წლის მუნდიალზე, მარადონას ძალისხმევით მოიგო - ამჯერად კი ტურნირის გმირი ლიონელ მესი გახდა.
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. სამხრეთამერიკელებმა ფინალის საგზური ხორვატიის დამარცხებით მოპოვეს, ხოლო ფრანგებმა ტურნირის აღმოჩენას, მაროკოს გუნდს ანგარიშით 2:0 მოუგეს.
ორივე ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ორჯერ ჰქონდა მოპოვებული. საფრანგეთი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო. გუშინდელ ფინალამდე არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებების ლიდერებს – ლიონელ მესისა და კილიან მბაპეს ტურნირზე 5-5 გოლი ჰქონდათ გატანილი და ტიტულთან ერთად, საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოსაპოვებლადაც იბრძოდნენ.
მატჩის დაწყების პირველივე წუთებიდან არგენტინელების უპირატესობა აშკარად გამოიკვეთა. სამხრეთამერიკელები პირველი ტაიმის განმავლობაში ბურთს აკონტროლებდნენ, მოედნის ცენტრში დომინირებდნენ და ფრანგების კარს სახიფათოდ უტევდნენ.
21-ე წუთზე ანხელ დი მარია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, დემბელე შესანიშნავი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა, მაგრამ ამ უკანასკნელმა არგენტინელი წააქცია და ფრანგების კარში პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანი, როგორც მოსალოდნელი იყო, ლიონელ მესიმ შეასრულა და არგენტინელებისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.გაშვებული გოლის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები კვლავ მეორე ნომრად თამაშობდნენ. ინიციატივა კვლავაც არგენტინელებს ჰქონდათ და მოედნის ცენტრში სრულ უპირატესობას ფლობდნენ - ამან მალევე ფრანგების კარში მეორე გოლი მოიტანა. ალვარესმა მაკალისტერს შესანიშნავი პასი მისცა, რომელმაც დი მარიას საგოლე გადაცემა გაუკეთა და არგენტინელები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ.
მეორე ნახევარში ფრანგები გააქტიურდნენ, თუმცა მათი შეტევები დიდად სახიფათო არ იყო, ფრანგები კარში ისევ ვერ არტყამდნენ, თუმცა, 79-ე წუთზე, ერთ-ერთი შეტევის დროს, ოტამენდიმ საკუთარ საჯარიმოში უხეშად ითამაშა და არგენტინელების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კილიან მბაპემ ძლიერი, ზუსტი დარტყმით გოლად აქცია და ანგარიში 2:1 გახადა. ორ წუთში, 81-ე წუთზე ფრანგებმა მორიგი სახიფათო შეტევა წამოიწყეს და კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, კილიან მბაპემ მეორე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.
ძირითად დროს მთავარმა არბიტრმა 8 წუთი დაამატა, რომელმაც ორმხრივ სახიფათო შეტევებსა და მაღალ ტემპში ჩაიარა, თუმცა ანგარში არ შეიცვალა.
დამატებით ტაიმებში შეხვედრა კიდევ უფრო დაძაბულად წარიმართა. 109-ე წუთზე ლიონელ მესიმ ანგარიში გახადა 3:2. თუმცა ეს დასასრული არ იყო.
ძალზედ დრამატულ ფინალში სიტუაცია კვლავ ელვის სისწრაფით შეიცვალა. 118-ე წუთზე არგენტინის კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კილიან მბაპემ შეასრულა და ჰეთ-თრიკის ავტორიც გახდა. ამ გოლით კილიან მბაპეს რვა გოლი მოუგროვდა და ის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მეორე დამატებითი დროც დასრულდა და დრამატული ფინალის ბედი თერთმეტმეტრიანების სერიამ გადაწყვიტა. არგენტინამ პენალტებში ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.
რაც შეეხება ინდივიდუალურ ჯილდოებს - ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დასახელდა. 8 გოლით მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი მბაპე გახდა. საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი აღიარეს. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად არგენტინელი ენცო ფერნანდესი დაასახელეს. ამასთან, მესიმ მსოფლიოს ჩემპიონატებზე 26-ე მატჩი ჩაატარა, რითაც მან ლოთარ მათეუსის რეკორდი დაამხო. გარდა ამისა, ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მუნდიალებზე 21 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა - ლეგენდარული არგენტინელის ანგარიშზეა 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემა.