კიევში, მეტრომ მუშაობა განაახლა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამზე“ წერს.
„დედაქალაქის ყველა მაცხოვრებელს წყალმომარაგება აღუდგა. კიევის მოსახლეობის ნახევარს უკვე გათბობა აქვს და ვმუშაობთ მის აღდგენაზე ქალაქის ყველა მაცხოვრებლისთვის. ამჟამად ელექტროენერგიით კიევის მოსახლეობის 2/3 მარაგდება“, - წერს კლიჩკო.
შეგახსენებთ, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად გუშინ უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რის გამოც, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და გათბობის გარეშე დარჩა. მუშაობა შეაჩერა კიევის მეტრომაც, რომელიც დაბომბვის დროს მოქალაქეების თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა.