თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის პროცესი მიმდინარეობს. საქმე მეორე ინსტანციის სასამართლოში უკვე დასკვნით ეტაპზეა. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ პროცესზე გადაწყვეტილება გამოცხადდეს.
“ჩვენი მოლოდინი არ შეცვლილა ამ სამი წლის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქმე გამამართლებელი გადაწყვეტილებით დასრულდება. ეს გადაწყვეტილება იქნება დღეს, ამ დარბაზში თუ სხვა დროს სხვა დარბაზში, ამას დრო გვიჩვენებს. სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ერთადერთი და ეს არის გამართლება”, - აცხადებს კახა წერეთელი.
ერთ-ერთი ბრალდებულის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი, სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მათ წინააღმდეგ არის აღძრული, აბსურდულია და ამით პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
“სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროპარლამენტი, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს არის კლასიკური გამოხატული შემთხვევა პოლიტიკური მართლმსაჯულებისა. ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლო გადაწყვეტილებას. დღევანდელი “ქართული ოცნების” პირობებში ყველანაირი გადაწყვეტილება შესაძლებელია. დაველოდოთ, დღეს რას იტყვიან მოსამართლეები”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, როგორც ცნობილია, ისინი აცხადებენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეს არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა, რის შეცვლასაც სააპელაციო სასამართლოში ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.
მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.