მცირე პაუზის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი მოედანს დაუბრუნდა. მან NBA-ს G ლიგის კლუბ ვისკონსინ ჰერდში ითამაშა, სადაც მილუოკი ბაქსი ხშირად ანათხოვრებს ხოლმე.
მამუკელაშვილი ფორტ ვეინ მედ ანტსთან წაგებულ მატჩში (110:128) სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 22 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა.სანდროს სროლა არ წაუვიდა და თამაშიდან 9-დან მხოლოდ 3 ტყორცნა გამოიყენა. ქართველმა ფორვარდმა 5-დან 3 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა და 2 საჯარიმოც მიზანს მიღმა გაუშვა.
ვისკონსინს 6 მოგება და 9 მარცხი მოუგროვდა და ცენტრალურ დივიზიონში 8 გუნდს შორის მე-6 ადგილი უკავია. ჰერდი მომდევნო შეხვედრას 17 დეკემბერს ისევ ფორტ ვეინთან ჩაატარებს.
G ლიგაშივე წარმატებული თამაში ჰქონდა კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსს, რომლის ღირსებასაც გიორგი ბეჟანიშვილი იცავს. კოლეჯ პარკმა დელავარე ბლუ ქოათსს 120:117 სძლია, ქართველმა ფორვარდმა კი 16 წუთში 8 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.