დონბასში დღეს, ისევე როგორც წინა კვირებში, რუსეთის სასტიკი თავდასხმები გრძელდება. ოკუპანტები შეტევაში ყრიან ყველას და ყველაფერს, რაც აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსული ძალების თავდასხმების შეჩერების ერთადერთი გზა მათი განდევნაა.
„ისინი ვერ ამარცხებენ ჩვენს ჯარს, ამიტომ ფიზიკურად ანადგურებენ ყველა ქალაქს და სოფელს ისე, რომ არ არსებობდეს შენობები, არც კედლები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რაიმე სახის თავდაცვისთვის. ამის შეჩერების ერთადერთი გზა რუსი ტერორისტების უკრაინული მიწიდან ეტაპობრივად განდევნა, რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებაა“, - აცხადებს ზელენსკი.
მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინისთვის მუშაობს და იბრძვის.
„მადლობა ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც იცავს ფრონტს დონბასში, სამხრეთში, ვინც იცავს საზღვარს, ჩვენს ცას და ჩვენს ხალხს. მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა თავისუფლებისთვის!“- აცხადებს ზელენსკი.