მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მე პირადად, როგორც უკრაინის ომბუდსმენს, საჭიროდ მიმაჩნია, დავრწმუნდე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი „ტელეგრამზე“ წერს.
უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილთან წვდომის საშუალება მისცეს.
„მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დამიშვას უკრაინის მოქალაქესთან, რომელიც ამჟამად თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ იმყოფება.
კრიტიკული მდგომარეობა, რომელშიც ახლა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილია, განგაშს და შეშფოთებას იწვევს. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ის სათანადო სამედიცინო დახმარებით და სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების სათანადო პირობებით, ან ხელი შეუწყოს მის გადაყვანას ევროპულ ან ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებში.
უკრაინა, როგორც დემოკრატიული და თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, მაქსიმალურ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას!“- წერს ომბუდსმენი „ტელეგრამზე“.