საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მისი უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ახვლედიანის განცხადებით, 2022 წელი განსაკუთრებით დატვირთული იყო ახალი გამოწვევებით, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიასა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვნად შეცვლილ გარემოს. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, იზრდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც გამოხატავს ინტერესს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების მიმართ.