მსურს, მივმართო ქართველ და საერთაშორისო აუდიტორიას. მსურს გამოვეხმაურო საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის აბსოლუტურად დამამცირებელი კადრების გავრცელებას. ის, რაც გუშინ მოხდა, არა მხოლოდ დაუჯერებელი, დამცირებისა და შეურაცხყოფის, მორალური, ადამიანის ღირსების შელახვის ნიშანია, არამედ ფიზიკური, მენტალური და სხვა სახის საშუალებით ადამიანის პიროვნულობის განადგურების მცდელობის ნიშანი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.
მისივე თქმით, სააკაშვილის კადრების გავრცელება დანაშაულია და ეს უკან დაუბრუნდება მათ, ვინც ამ დანაშაულს ჩადის.
ამასთან, როგორც ლიზა იასკო აღნიშნავს, თუკი ვინმეს მიხეილ სააკაშვილის განადგურება სურდა, ეს უკვე გააკეთა.
„ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ამაზე საუბარი, არ შემიძლია ამ ფოტო და ვიდეომასალის გაზიარება, ძალიან მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ამის დაშვება. მინდა მივმართო ქართველებს, მათ, ვინც მიხეილს დასცინის და მათ, ვინც გადაწყვიტეს ამ ვიდეოს გავრცელება. ეს არის დანაშაული, ეს არის ნამდვილი დანაშაული - ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის გამოქვეყნება. თუკი გსურდათ მიხეილ სააკაშვილის განადგურება, თქვენ ეს უკვე გააკეთეთ ბევრი სხვადასხვა გზით. ამის ნახვა დიდი დამცირებაა. ჩვენ უკრაინელები, მე, როგორც ადამიანი, რომელიც ვზრუნავ მასზე, ვზრუნავ და ვწუხვარ იმაზე, რაც ამა თუ იმ ქვეყანაში ხდება, ვზრუნავ და ვშფოთავ ადამიანის უფლებებზე, ადამიანებზე, ვერ გავჩუმდები. მოვუწოდებ ყველას, ვისაც შეუძლია ხმის ამოღება ამ საშინელ უსამართლობაზე, გთხოვთ, გააკეთეთ ეს ახლავე. საუბარი არ არის მიხეილ სააკაშვილზე, საუბარია უსამართლობაზე, დამცირებაზე, საუბარია ამორალურობაზე და კანონის უპატივცემულობაზე. მას სჭირდება მკურნალობა ნორმალურ პირობებში საზღვარგარეთ. ამ ვიდეოს შემდეგ, კიდევ მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ ეს უნდა გაკეთდეს. არ ვაპირებ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში არის ისეთ ფორმაში, რომ ეს უნდა გაკეთდეს. ვინმემ უნდა მიიღოს ეს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და გამოიყენოს ყველა კანონიერი საშუალება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაიგზავნოს. მისი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდია და თუ ვინმეს უნდოდა იმის ჩვენება, რომ ის კარგადაა ამ საავადმყოფოში, ამან არ იმუშავა. ამ ვიდეოთი შეგიძლიათ გაახაროთ რუსული აგრესია, მაგრამ შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ის არის ძალიან, ძალიან ცუდად. თქვენ იცით მიზეზი, რატომ მოხდა ეს. ბევრმა თქვენგანმა იცით, რატომ მოხდა ეს და ამას არანაირი საერთო არ აქვს მასთან, ამას საერთო აქვს სხვებთან, მათთან, ვინც შექმნა ეს. მათთან, ვისაც სურს მისი გატეხვა, მათთან, ვისაც სურს მას დასცინოს. ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო კანონის ნორმას. ეს უკან დაუბრუნდება მათ, ვინც ჩადის დანაშაულებს. ჯერ კიდევ შესაძლებელია, მიეცეს მას და საქართველოს ევროპული მომავლის საშუალება. ასე რომ გთხოვთ, გააკეთეთ ეს“, - აცხადებს ლიზა იასკო.
მისი თქმით, აუცილებელია, სამართლიანობამ იზეიმოს.
„მივმართავ ყველა საერთაშორისო პარტნიორს, გაიგონეთ ეს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და ის, რასაც მის წინააღმდეგ სჩადიან, ფაქტობრივად არის ის, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სჩადის. უკრაინის ღირსების მკვლელობა, უკრაინის ფიზიკური აქტივობის მკვლელობა. ეს არის საშინელი მომენტი და ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ სამართლიანობა იზეიმებს. ძალიან მნიშვნელოვანია სამართლიანობისთვის ბრძოლა“, - აცხადებს ლიზა იასკო.