კონსერვატორულმა, თუმცა მეტად ქარიზმატულმა პოლიტიკოსმა ჰილარი კლინტონმა, რომელიც ერთნაირი წარმატებით სარგებლობდა როგორც „პირველი ლედის“ და „დემოკრატების მთავარი საყრდენის“, ისე „მოტყუებული ცოლის“ და „ამერიკელი დედების შემარცხვენლის“ სტატუსით, პირველ რიგში საკუთარი შეუპოვრობისა და მტკიცე ხასიათის წყალობით დაიმკვიდრა ადგილი შეერთებული შტატების პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მართალია, 2016 წლის არჩევნებში მარცხის შემდეგ კლინტონმა უარი თქვა სახელმწიფო სამსახურზე, მაგრამ საკუთარ პროექტებზე მუშაობით დღესაც აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში.
.
ოჯახი
ჰილარი დაიან როდემი 1947 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა ჩიკაგოში, გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის მიმდევართა მკარ და მეტად კონსერვატორულ ოჯახში. მამა, ჰიუ ელსუორტი ტექსტილის მცირე ფაბრიკას ფლობდა, დედა დოროთი ემა კი, დიასახლისი იყო და ჰილარისთან ერთად მის უმცროს ძმებზეც ზრუნავდა, თუმცა წამოზრდილმა გოგონამ სწრაფად გადაიბარა დედის მოვალეობა და თვითონ გახდა ძმებისთვის მეურვეც და საუკეთესო მეგობარიც.
აქტიური მოზარდი
ადრეული ასაკიდანვე ენერგიული, შრომისმოყვარე ჰილარი მონდომებით სწავლობდა და პედაგოგების რჩეულ მოსწავლედ ითვლებოდა, აქტიურად ინტერესდებოდა სპორტით, განსაკუთრებით ცურვით, კალათბურთით და ენთუზიაზმით მონაწილეობდა ქალაქის რელიგიურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საოცარი პასუხისმგებლობით უძღვებოდა სკოლის კლუბების საქმეებს და უამრავ ჯილდოს ფლობდა სკაუტთა მოძრაობის სიგელებისა და სამკერდე ნიშნების ჩათვლით. მართალია, მოზარდი ჰილარი რესპუბლიკელი ბარი გოლდუოტერის წინა საარჩევნო კამპანიასაც შეუერთდა, მაგრამ პოლიტიკაზე მეტად მაინც ასტრონომია მოსწონდა. მეტიც კოსმოსურ ფრენებზე მეოცნებე გოგონამ NASA-ს ხელმძღვანელებსაც კი მისწერა წერილი ასტრონავტობის სურვილით, თუმცა პასუხად მხოლოდ კოსმოსური ცენტრის სტუმრობის შეთავაზება მიიღო.
1965 წელს, გამოსაშვებ კლასში სწავლისას ჰილარი სახელმწიფო პროგრამის გამარჯვებული გახდა, რომელიც ნიჭიერ მოსწავლეებს ნებისმიერ სასწავლებელში უფასოდ სწავლის საშუალებას აძლევდა. მომავალმა პოლიტიკოსმა უელსის პრესტიჟული კოლეჯი აირჩია, სადაც არა მხოლოდ პოლიტოლოგიის ფაკულტეტზე მონდომებული სწავლით გაითქვა სახელი, არამედ სოციალური აქტივობითაც გამოიჩინა თავი, რადგან ჯერ „უელსის ახალგაზრდა რესპუბლიკელების“ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში, მერე უელსის კოლეჯის სახელმწიფო ასოციაციის პრეზიდენტი გახდა.
იელის უნივერსიტეტი
1969 წელს პოლიტოლოგიის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ ჰილარიმ იელის უნივერსიტეტის იურიდიულ სკოლაში გააგრძელა სწავლა, სადაც მომავალი მეუღლე ბილ კლინტონი გაიცნო. მართალია, 1973 წელს წარჩინებულმა სტუდენტმა იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხი მიიღო, მაგრამ მაინც ვერ შეელია პრესტიჟულ სასწავლებელს და მთელი წელი დაუთმო ამავე უნივერსიტეტის სპეციალიზირებულ სასწავლო ცენტრში ბავშვთა მედიცინის კურსის შესწავლას, რომლის დასრულების შემდეგ ადვოკატად მოეწყო ბავშვთა დაცვის ფონდში, ერთი წლის შემდეგ კი, წარმომადგენლობითი პალატის იურიდიულ კომიტეტს შეუერთდა, რომელიც უოტერგეიტსის სკანდალის ფონზე ამზადებდა საბრალდებო აქტს რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ სწორედ კომიტეტის და პირველ რიგში 27 წლის ჰილარის აქტიურმა მუშაობამ აიძულა ნიქსონს პრეზიდენტის პოსტის დატოვება.
არკანზასული წარმატება
1975 წელს, ქორწინების შემდეგ ჰილარიმ ჯერ მეუღლის გვარი მიიღო, მერე მასთან ერთად გაემგზავრა არკანზასის შტატში, სადაც ბილი პოლიტიკური კარიერის დაწყებას გეგმავდა. გაუმართლა ჰილარისაც, რადგან ჯერ არკანზასის უნივერსიტეში ჩააბარეს იურისპრუდენციის კურსი, მერე იურიდიულ კომპანიაში Rose Law Firm-ში შესთავაზეს პარტნიორობა და საპატენტო კანონმდებლობაზე მუშაობა.
1976 წელს ბილ კლინტონმა შტატის გენერალური პროკურორის პოსტზე წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა და სწორედ ერთგული მეუღლის მიერ დაგეგმილი წინა საარჩევნო კამპანიის წყალობით მოიპოვა გამარჯვება. რა თქმა უნდა, ჰილარი ნებისმიერ წამოწყებაში მხარს უჭერდა მეუღლეს, თუმცა არც საკუთარ კარიერაზე ამბობდა უარს.
კარიერის დასაწყისი
ბრწყინვალე ანალიტიკური აზროვნების წყალობით და მოქმედი პრეზიდენტის ჯიმ კარტერის რეკომენდაციით, 1978 წელს მისის კლინტონი არა მხოლოდ იურიდიული მომსახურების კორპორაციების საბჭოს წევრი გახდა, არამედ მეუღლესაც დაეხმარა გუბერნატორის პოსტის დაკავებაში. აღსანიშნავია, რომ ორწლიანი მუშაობის ფონზე ჰილარიმ 90 მილიონიდან 300 მილიონამდე გაზარდა კომპანიის ფინანსური ფონდი, შტატის პირველი ლედის სტატუსის გამოყენებით კი, აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საკუთარ თავზე აიღო ბავშვთა უფლებების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის კურირება. არსებული სტანდარტების დახვეწა კლინტონმა სასკოლო განრიგის რედაქტირებით, პედაგოგთა ტესტირების კანონის შემოღებით დაიწყო და სამედიცინო დაწესებულებებში მედპერსონალის ქცევის, მომსახურების ნორმების განსაზღვრით გააგრძელა.
თუმცა არკანზასელების განათლებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად მისის კლინტონმა არც გენდერული თანასწორობის პრობლემები დაივიწყა, რომელთა გადაჭრა იურისტთა ამერიკული ასოციაციის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობაში სცადა სუსტი სქესის წარმომადგენელი ადვოკატების ლობირებით.
პირველი ლედი
1992 წელს დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ბილ კლინტონმა ოფიციალურად განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და რა თქმა უნდა, მეუღლის ინტუიციის, გონივრულად დაგეგმილი კამპანიისა და დაუღალავი შრომის წყალობით გაიმარჯვა. სხვათა შორის, სწორედ წინა საარჩევნო რბოლაში აქტიური მონაწილეობით, პირველი ლედის უფლებამოსილების გამოყენებითა და მეტად თამამი პოლიტიკური საქმიანობით შეიძინა მისის კლინტონმა „თანაპრეზიდენტის“ ზედმეტსახელი.
ჯანდაცვის რეფორმა
მართალია, ჰილარის აბსოლუტურად არ ჰქონდა ფედერალური მასშტაბით მუშაობის გამოცდილება, მაგრამ მაინც ენთუზიაზმით ჩაება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველ რიგში, მისის კლინტონმა ჯანდაცვის სისტემის სრულად შეცვლა გადაწყვიტა, მით უფრო, რომ 1993 წლის იანვარში მეუღლემ სწორედ ჯანდაცვის რეფორმის ოპერატიული კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა.
ჰილარის მიერ შემუშავებულმა კომპლექსურმა ცვლილებებმა, რომელმაც „კლინტონის ჯანდაცვის პროგრამის“ სახელი შეიძინა, ამერიკის ნებისმიერი მოქალაქის დაზღვევით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა, ამასთანავე, პროგრამა დამსაქმებელს ავალდებულებდა თანამშრომლების დაზღვევას და ხარჯის ნაწილის ანაზღაურებას, უმუშევართა მომსახურებას კი, სამედიცინო პროდუქტის მწარმოებლებს ავალებდა. თუმცა, სამედიცინო ბიზნესის წინააღმდეგობის და კონგრესში მხარდაჭერის არ არსებობის გამო რეფორმის განხორციელება შეუძლებელი აღმოჩნდა, რამაც მისის კლინტონის პოსტის დატოვება აიძულა. მეტიც, პროგრამის ჩავარდნამ საგრძნობლად შეამცირა დემოკრატების პოპულარობა, რაც თავის მხრივ, 1994 წელს კონგრესის არჩევნებში მარცხის მიზეზი გახდა.
მართალია, 1996 წელს კლინტონმა მეტად საინტერესო, ქვეყნის ისტორიული ძეგლების შენარჩუნების პროგრამა Save America’s Treasures წამოიწყო, მაგრამ 2009 წელს მიშელ ობამამ მისი დაფინანსება შეაჩერა.
Whitewater-ის საქმე
საკანონმდებლო მარცხის შემდეგ კლინტონებს მორიგი სირთულეების დაძლევა მოუხდათ, როცა ფინანსურ თაღლითობაში დადანაშაულებული Whitewater-ის საქმის მთავარი ფიგურანტები აღმოჩნდნენ. როგორც გაირკვა, გუბერნატორის პოსტზე ბილ კლინტონმა მეტად სოლიდური ინვესტიცია განახორციელა სამშენებლო კომპანიაში, რომლის გაკოტრების შემდეგ თვითონაც სერიოზულად, მთელი 70 ათასი დოლარით იზარალა, თუმცა მეანაბრეებმა მაინც ყოფილ გუბერნატორს და მოქმედი პრეზიდენტს დასდეს ბრალი, რადგან ჩათვალეს, რომ სწორედ მას უნდა გაეწია კურირება Whitewater-ის საქმიანობისთვის, მით უფრო, რომ მისი მეუღლეც იმ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა, რომელიც კომპანიას ემსახურებოდა. მართალია, მტკიცებულებების არ არსებობის გამო კლინტონების ფინანსური მაქინაციები არ დადასტურდა, მაგრამ მეანაბრეების გადარწმუნება მაინც შეუძლებელი აღმოჩნდა.
მონიკა ლევინსკი
1998 წელს, ბილ კლინტონის მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევისა და ინაუგურაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ პრესამ ახალ სკანდალში გახვია კლინტონები, როცა ვრცელი სტატია მიუძღვნა პრეზიდენტის სასიყვარულო ინტრიგებს. როგორც აღმოჩნდა, ახალგაზრდა პრაქტიკანტი მონიკა ლევინსკი დიდხანს ცდილობდა მისტერ კლინტონის ყურადღების მიქცევას და საბოლოოდ მაინც მიაღწია სასურველ შედეგს. სავარაუდოდ, კლინტონისა და ლევინსკის რომანი, რომელიც 1997 წლამდე, მის პენტაგონში გადასვლამდე გაგრძელდა, სამუდამოდ ოვალური კაბინეტის საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ლევინსკის მეგობარი ლინდა თრიპი, რომელმაც მონიკასთან სატელეფონო საუბარი და კლინტონთან ინტიმური კავშირის პიკანტური დეტალები გაასაჯაროვა.
აღსანიშნავია, რომ ჰილარიმ ამ შემთხვევაშიც მეუღლეს დაუჭირა მხარი, ლევინს კი სიცრუესა და პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. მართალია, სასიყვარულო ინტრიგას უარყოფდა თავად პრეზიდენტიც, თუმცა საბოლოოდ მაინც მოუწია ლევინსკისთან ურთიერთობის აღიარება.
პოლიტიკაში დაბრუნება
მართალია, პოლიტოლოგები ირწმუნებოდნენ, რომ ჰილარი კლინტონი წინამორბედების - ბარბარა ბუშისა და ნენსი რეიგანის გამოცდილებას გაიზიარებდა, პირველი ლედის სტატუსის დათმობის შემდეგ პოლიტიკას ჩამოშორდებოდა და ქველმოქმედებით დაინტერესდებოდა, მაგრამ კლინტონმა ყველა გააკვირვა, როცა არა მხოლოდ გააგრძელა პოლიტიკური საქმიანობა, არამედ 2000 წლის არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა, გამარჯვებული კი, ნიუ-იორკის წარმომადგენლის სტატუსით შევიდა სენატში.
სწორედ სენატორის პოსტზე გამოვლინდა მისის კლინტონის მტკიცე, მებრძოლი ხასიათი, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა მეუღლის ჩრდილში. განსაკუთრებული შეუპოვრობა ჰილარიმ სამხედრო პოლიტიკასა და ტერორიზმთან ბრძოლაში გამოავლინა, რისთვისაც კოლეგებისგან „ქორის“ მეტსახელი დაიმსახურა.
სახელმწიფო მდივანი
2007 წელს შემოდგომაზე კლინტონმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა და ოფიციალურად ჩაება წინა საარჩევნო კამპანიაში. მართალია, ქალბატონ სენატორს, რომელიც ყველა გამოკითხვასა და რეიტინგში ლიდერობდა, ექსპერტები ანგელა მერკელს ადარებდნენ და ფენომენალურ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ პრაიმერიზის დასრულების შემდეგ მისის კლინტონმა ყველასთვის მოულოდნელად დათმო პოზიცია ახალგაზრდა ბარაკ ობამას სასარგებლოდ, რომელმაც გამარჯვების შემდეგ სწორედ კლინტონს შესთავაზა სახელმწიფო მდივნის პოსტი.
მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე კლინტონმა ჯერ ავღანეთსა და ლიბიაში სამხედრო შემადგენლობის გაძლიერებას, მერე ე.წ. „არაბულ გაზაფხულს“ და მაუმარ კადაფის პოზიციების დაბომბვას დაუჭირა მხარი, 4 წლის შემდეგ კი, პოსტი დატოვა და მმართველობა ჯონ კერის გადააბარა.
2016 წლის არჩევნები
2015 წლის აპრილის თვეში დემოკრატების მიერ წარდგენილი ჰილარი კლინტონი კიდევ ერთხელ ჩაება საპრეზიდენტო რბოლაში, რომელიც წარმატებით დაძლია და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ბერნი სანდერსთან ერთად მთავარი კონკურენტი დონალდ ტრამპიც უკან ჩამოიტოვა. მართალია, ამგვარმა უპირატესობამ ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ექსპერტებიც დაარწმუნა მის გამარჯვებაში, მაგრამ საბოლოოდ მაინც ტრამპმა გაიმარჯვა, რომელმაც მხოლოდ 60 ხმით დაჯაბნა ოპონენტი.
აღსანიშნავია, რომ შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ კლინტონმა პირველმა მიულოცა ამერიკის ახალ პრეზიდენტს გამარჯვება, 2017 წელს კი, ერთგვარი მემუარები „რა მოხდა“ გამოსცა, რომელშიც დეტალურად გაანალიზა საკუთარი მარცხის მიზეზი.
უნივერსიტეტის რექტორი
გავრცელებული ხმების მიუხედავად, ჰილარიმ კატეგორიული უარი განაცხადა 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც ერთის მხრივ, სოლიდური ასაკითა და დასუსტებული ჯანმრთელობით, მეორეს მხრივ, თავისუფალი დროის ოჯახთან და საყვარელ შვილიშვილთან ერთად გატარების სურვილით ახსნა.
დღეს მისის კლინტონი, რომელმაც 2021 წელს სამოქალაქო სამართლის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში, ნაკლებად ინტერესდება პოლიტიკით, მეტწილად საზოგადოებრივი საქმიანობითაა გატაცებული და ძალიან მოსწონს ბელფასტში ცხოვრება, სადაც ქვინსის უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს, მით უფრო, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის უძველესი, 1845 წელს დაარსებული სასწავლებლის პირველი ქალი რექტორია.