ევროპარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ“ ყოველწლიური რეზოლუციის 27-ე შესწორებაშია ნათქვამი.
შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს სისხლის სამართლის პოლიტიკურად მოტივირებული „ქეისები“ და გადახედოს მედია მუშაკების, მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის „ქეისებს“.
“ამ მხრივ, [ევროპარლამენტი] აღნიშნავს ნიკა გვარამიას, „მთავარი არხის“ დირექტორის, "ქეისს" და სხვა მედიასაშუალებების, "ფორმულას" და "პირველის", დირექტორებისა და დამფუძნებლების „ქეისებს“; [ევროპარლამენტი] ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას განაჩენი საეჭვო ბრალდებებზე, მიუხედავად მნიშვნელოვანი კითხვებისა, რომლებიც ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა, კერძოდ კი მის დროსა და ბრალდებებზე. [ევროპარლამენტი] მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს ნიკა გვარამია”, - წერია შესწორებაში.
შესწორებაში ევროპარლამენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდება, მედია მფლობელების წინააღმდეგ კრიმინალური დავები უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, ევროკომისიის ერთ-ერთი საკვანძო პრიორიტეტია.