ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციების გამკაცრებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
მიღებული კანონის პროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარით დაჯარიმების ნაცვლად, 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.
პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. ცვლილებების თანახმად, “ცივი იარაღის ტარება“ ასევე ისეთი გარემოების არსებობას გულისხმობს, როდესაც პირი ცივ იარაღს იმგვარად ფლობს, რომ მისი დაუყოვნებლივი გამოყენება მოხდეს. (კოდექსის მოქმედი რედაქციით “ცივი იარაღის ტარება“ გულისხმობს მხოლოდ ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც პირს ცივი იარაღი უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პროექტის საპარლამენტო განხილვების დროს განაცხადა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოქმედ ნორმას აქვს ხარვეზი, ნაკლებეფექტურია და ამიტომ საჭირო გახდა კოდექსში შესატანი ცვლილებების მომზადება.
„2022 წლის იანვარ-სექტემბრის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მოხდა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის 147 შემთხვევა, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 166 და ნაკლებად მძიმე დაზიანების 130 შემთხვევა. თუ ყველა ამ დანაშაულს დავაჯამებთ, 35% შემთხვევაში იყო იარაღად გამოყენებული დანა და მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მკვლელობების 53% მოხდა დანით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ მოქმედ რეგულირებას არ გააჩნია პრევენციული ეფექტი იმისათვის, რომ სხვა მძიმე დანაშაულები ავირიდოთ“, - განაცხადა პარლამენტში ალექსანდრე დარახველიძემ.