მიმაჩნია, რომ პარლამენტში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხზე იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მელია განმარტავს, რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს.
„ამდენი დაავადება როდესაც აქვს, დასკვნა დასკვნაზე იდება, შენ კიდევ საუბრობ, რომ ერთი თვე გჭირდება, რათა რაღაც გამოიკვლიო, უბრალოდ სულ მცირე გინდა, რომ ადამიანი დარჩეს უუნარო. რატი ბრეგაძე მიზანმიმართულად აზიანებს სახელმწიფოს, მის საუკეთესო ინტერესებს და მის მომავალს. ისევე, როგორც, მიზანმიმართულად დააზიანა სახელმწიფო ძალიან ბევრმა ადამიანმა, როდესაც ზვიად გამსახურდიას კლავდნენ. იმავეს აკეთებს რატი ბრეგაძე, იმავეს აკეთებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები.
მიმაჩნია, რომ ოპოზიციიდან დეპუტატებმა პარლამენტში, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იქ გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო, იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ თუ არა სასიკვდილო განაჩენს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.
როგორც მელია აღნიშნავს, სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს ერთი წლის განმავლობაში ადამიანის ტყვეობაში ყოფნა.
„ძალიან ცუდია, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მინიმუმ მიხეილ სააკაშვილი უუნარო გახდეს. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიაყენოს ძალიან დიდი, მტკივნეული დარტყმა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა მარტივად, არავის შერჩება. თითქმის, 30 წლის თავზე, საუბრობენ, რომ ქვეყანაში ქვეყნის პირველი პრეზიდენტი მოვკალით, იმაზე ნაკლებად საუბრობენ, ვისი ხელისუფლების პირობებში მოკლეს გამსახურდია.
სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს ადამიანის ტყვეობაში ყოფნა ერთი წლის განმავლობაში. სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს ადამიანისთვის თუნდაც ტყვეობაში მყოფი ადამიანისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებების ჩამორთმევა, სატელეფონო ზარის განხორციელების უფლებაც კი არ ჰქონდა 1 წლის განმავლობაში, სასამართლო პროცესზეც არ მოჰყავთ და არ რთავენ დისტანციურად. მეტი რა არის, რაც შეიძლება ტყვეობაში მყოფ ადამიანს გაუკეთო?... როდესაც ამდენი დაავადება აქვს ადამიანს და დასკვნა დასკვნაზე იდება, შენ კიდევ საუბრობ, რომ ერთი თვე გჭირდება, რაღაც რომ გამოიკვლიო, ეს ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ გინდა, რომ ადამიანი უუნარო დარჩეს“,- აღნიშნავს მელია.