პაპმა ფრანცისკემ ხალხს მოუწოდა, საშობაო დღესასწაულებსა და საჩუქრებზე წელს ნაკლები დახარჯონ, დაზოგილი თანხა კი „უკრაინის ტანჯულ ხალხს“ გაუგზავნონ, რათა მათ შიმშილისა და სიცივის გადალახვაში დაეხმარონ.
განცხადება კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ვატიკანში გამართული ყოველკვირეული აუდიენციის დროს გააკეთა.
„სასიამოვნოა შობის აღნიშვნა და წვეულებების გამართვა, მაგრამ მოდით, ოდნავ შევამციროთ საშობაო დანახარჯები. მოდით, უფრო თავმდაბლად აღვნიშნოთ შობა, უფრო თავმდაბალი საჩუქრებით და მოდით, დანაზოგი უკრაინელ ხალხს გავუგზავნოთ, რომელსაც ეს სჭირდება“, - აღნიშნა პაპმა.
პონტიფიკოსმა უკრაინელებზე საუბრისას განაცხადა, რომ ისინი მშივრები არიან და სცივათ, ბევრი კი ექიმებისა და ექთნების ნაკლებობის გამო იღუპება.
"მოდით, არ დავივიწყოთ ისინი. დიახ, აღვნიშნოთ შობა მშვიდობით, უფალთან, მაგრამ გულებში უკრაინელებთან ერთად"- დასძინა პაპმა ფრანცისკემ.