პარლამენტი, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავს.
ორივე ფინანსურ დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.
მომავალ წელს მთავრობა თითქმის 22 მილიარდამდე ლარს დახარჯავს. მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე, ნომინალური მშპ ლარებში 79 მილიარდ 685 მილიონ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი 2.8 %-ია.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტის გათვალისწინებით, ყველა კატეგორიის პენსიონერთათვის პენსია იზრდება, არის ზრდა სოციალური დახმარებების კუთხით, საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით მოიმატებს, ხოლო ძალოვან სტრუქტურებში დასაქმებულთა ხელფასები - 20%-ით.
პროექტი ითვალისწინებს 2023 წლის ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების 50 ლარით ზრდას - ერთ ბავშვზე დახმარება 200 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამ მიზნით დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
2023 წლის ბიუჯეტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებებს ე.წ. დეკრეტულ შვებულებებთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ, ხოლო კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის განსაზღვრული დახმარება გაორმაგდება და 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარი იქნება.
განათლების მიმართულებით მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში დაფინანსება გაზრდილი იყო 400 მლნ ლარზე მეტით, ხოლო საბოლოო ვერსიის მიხედვით, დამატებით 150 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა.
მომდევნო წელს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე დამატებით 200 მლნ ლარი გამოიყოფა.
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო, გადამუშავებული ვერსიის თანახმად, სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ბიუჯეტის პირვანდელ გამოყოფილ თანხებს ემატება: თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად - 170 მილიონი ლარი; რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტების განსახორციელებლად - 130 მლნ ლარი; კულტურისა და სპორტის მიმართულებით - 55 მლნ ლარი. შინაგან საქმეთა სამინისტროს და საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურაზე - 35 მილიონ ლარზე მეტი; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებაზე - 10 მლნ ლარი.
რაც შეეხება 2022 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8.5%-დან 10%-მდე იზრდება, ნომინალური მშპ ლარებში 72 მლრდ 276 მილიონ ლარი ხდება. იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯვითი ნაწილიც. შემოსულობები 596 მილიონ 700 ათასი ლარით იმატებს და 20 მილიარდ 449 მილიონ ლარს შეადგენს. გადასახდელები (ხარჯვითი ნაწილი) 507 მილიონ 350 ათასი ლარით, 20 მილიარდ 186 მილიონ ლარამდე იზრდება.
დაფინანსება ეზრდება ეკონომიკის სამინისტროს - 330 მილიონით, ჯანდაცვის სამინისტროს - 95 მილიონი ლარით, კულტურის სამინისტროს - 70 მილიონი ლარით, ხოლო სახელმწიფო დაცვის სამსახურს - 2 მილიონ 350 ათასი ლარით.