კანიე ვესტს, რომელმაც სახელი ოფიციალურად შეიცვალა და Ye გახდა, დროებით ტვიტერის ანგარიშით სარგებლობა ისევ შეეზღუდა მას შემდეგ, რაც სვასტიკა დაპოსტა. მანამდე რეპერმა ალექს ჯოუნსის შოუში Infowars რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ადოლფ ჰიტლერი მოსწონს.
"ძალიან ბევრი რამაა, რაც ჰიტლერის შესახებ მიყვარს. ძალიან ბევრი."
ამის შემდეგ კანიემ ტვიტერზე რამდენიმე პოსტი გააზიარა, მათ შორის შეტყობინებები მასა და, სავარაუდოდ, ილონ მასკს შორის, რომელშიც რეპერი ბალენსიაგას აქებს კონტროვერსიული კამპანიის შემდეგ. პოსტებს შორის ერთ-ერთი იყო სვასტიკისა და "დავითის ვარსკვლავის" გამოსახულება, რომლის იძულებით ტარებაც ნაცისტური რეჟიმის დროს ებრაელებს უწევდათ. ტვიტერმა ანტისემიტური პოსტი წაშალა, ილონ მასკმა კი დაადასტურა, რომ Ye-ს ანგარიშზე წვდომა შეეზღუდა და სვასტიკას დაპოსტვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს მიუღებელია.
ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მასკს მოსთხოვა, რომ კანიესთვის რამე მოეხერხებინა, რაზეც ილონმა უპასუხა: "მაქსიმალურად ვეცადე. ამის მიუხედავად, ისევ დაარღვია ჩვენი წესი ძალადობის გაღვივების წინააღმდეგ, ამიტომ ანგარიში შეეზღუდება."
e-ს ახლახან აღუდგა ტვიტერის ანგარიშზე წვდომა, მას შემდეგ რაც ანტისემიტური კომენტარების გამო აღნიშნული პლატფორმის გამოყენება, ისევე, როგორც ინსტაგრამის, შეეზღუდა. ილონ მასკი მისი ანგარიშის აღდგენას აქტიურად უჭერდა მხარს ტვიტერის $44 მილიარდად ყიდვის შემდეგ. ის ასევე, აცხადებდა, რომ სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძოლებდა და აღადგენდა დონალდ ტრამპისა და ჯორდან პიტერსონის ანგარიშებს, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში.