საყოფაცხოვრებო ნივთები, განსაკუთრებით ტექნიკა, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას აუმჯობესებს შეუცვლელი დამხმარე ხდება დასახლებისთვის. ესა თუ ის საჭირო ნივთი ყოველდღე გასაკეთებელ რუტინულ და აუცილებელ საქმეებს ასრულებენ, რაც ქალბატონების და ზოგადად ოჯახის დროს ზოგავს. ერთ-ერთი ასეთი ნივთი, რომელსაც დღევანდელ გადაცემას მივუძღვნით - სარეცხი მანქანაა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ურომლისოდაც დღეს წარმოუდგენელია არსებობა. დღესდღეობით, რამდენიმე ცნობილი ბრენდი აწარმოებს დახვეწილ, მრავალფუნქციურ სარეცხ მანქანებს, რომელთა შესაძლებლობები ერთმანეთზე უკეთესად ასრულებს თავის ფუნქციას. მის გამოჩენამდე და სრულყოფამდე კი სარეცხის გასარეცხად სხვადასხვა საშუალებებს იგონებდნენ და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ქალბატონებისთვის ოჯახის სისუფთავეზე ზრუნვა უამრავ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ცივი წყალი, ხელით რეცხვა, სარეცხის რამდენიმეჯერ გავლება - ძალიან რთული იყო და ამაში ქალბატონები დამეთანხმებიან, ვინც ამ არაჩვეულებრივ გამოგონებამდე გასარეცხად სხვადასხვა ხერხებს იყენებდნენ. მთელი პროცესი ხშირად ერთ მძიმე სამუშაოს დღეს იკავებდა, რასაც სარეცხის გაშრობის დროც ემატებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ტექნოლოგიური განვითარების პროცესების სისწრაფის მიუხედავად ჯერ კიდევ 2010 წლის მონაცემებით, მსოფლიოს შვიდ მილიარდიანი მოსახლეობიდან თითქმის სამი მილიარდი ჯერ კიდევ ხელით რეცხავდა ტანსაცმელს, თუმცა ამჯერად ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
როგორც უკვე მოგახსენეთ თავად მოწყობილობის გამოგონებამდე, რომელიც ადამიანის ჩარევით, შემდგომ კი მის გარეშე სარეცხის გარეცხვას შეეძლებოდა, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ხელით მუშავდებოდა. გარკვეულ ეტაპზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელდა ხის დაფა - სახეხის მსგავსად, რომელზე ინტენსიური დაწოლითაც ჭუჭყის ამოღება ამცირებდა ხელით შესასრულებელ საქმეს. ცხელი წყლით და სარეცხის გამოხარშვით სასურველი შედეგის მიღება აუმჯობესებდა პროცესს, თუმცა მექანიზმებზე მუშაობამ ყოფა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
პირველი ინგლისური პატენტი სარეცხი მანქანების კატეგორიაში 1691 წელს გაიცა. ადრეული სარეცხი მანქანის მონახაზი 1752 წლის ბრიტანული გამოცემის The Gentleman's Magazine-ში იანვრის ნომერში გამოჩნდა. იაკობ კრისტიან შაფერის სარეცხი მანქანის დიზაინი 1767 წელს გერმანიაში წარმოადგინეს. 1782 წელს ჰენრი სიჯიერმა მიიღო ბრიტანული პატენტი მბრუნავი მოწყობილობისთვის, ხოლო 1790-იან წლებში ედვარდ ბეთემმა დააპატენტა მაშინდელი სარეცხი მანქანის ვერსია, რომელთა დახმარებით ამ მოწყობილობის თანდათან დახვეწა დაიწყო. თავდაპირველად, მრგვალ მცირე ზომის კასრში ჯოხის საშუალებით ხდებოდა სარეცხის ძალისმიერი გარეცხვა, რასაც მოგვიანებით დისკის დატრიალებით ახალი მექანიზმი დაემატა, რომელიც გასარეცხ ტანსაცმელს ძირითად ჭუჭყს აცილებდა. ეს ტექნოლოგია უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი იყო და უფრო ეფექტური, ვიდრე ტანსაცმლის ხელით რეცხვა.
ადრეული ავტომატური სარეცხი მანქანები, როგორც წესი, დაკავშირებული იყო წყალმომარაგებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ სარეცხის გავლებისას საჭიროებდა სპეციალურ დახმარებას სარეცხის სუფთა წყლით დასამუშავებლად. მოგვიანებით, როგორც ცხელი, ასევე ცივი წყალით მოწყობილობის მომარაგება ნორმად იქცა. თანამედროვე ევროპულ მანქანებში ახლა მხოლოდ ცივი წყალი შედის და შიდა ელექტრო გამათბობლების საშუალებით ხდება წყლის ტემპერატურის დარეგულირება. თქვენ არჩევთ სასურველ პროგრამას, რამდენ გრადუსზე გნებავთ სარეცხის გარეცხვა და მანქანა ასრულებს დავალებას.
ადრეულ ელექტრომექანიკურ ტაიმერებზე, ძრავა მუშაობდა მუდმივი სიჩქარით მთელი სარეცხი ციკლის განმავლობაში, თუმცა მომხმარებლისთვის შესაძლებელი იყო ციფერბლატის ხელით წინ წაწევით დროის კონტროლი. 1950-იან წლებში ავტომატური სარეცხი მანქანების მაღალი ღირებულების მიუხედავად, მწარმოებლებს გაუჭირდათ მოთხოვნის დაკმაყოფილება. მიუხედავად იმისა, რომ კორეის ომის დროს იყო მატერიალური დეფიციტი, 1953 წლისთვის ავტომატური სარეცხი მანქანების გაყიდვებმა შეერთებულ შტატებში გადააჭარბა wringer-ის ტიპის ელექტრო მანქანების გაყიდვებს.
დიდ ბრიტანეთში და ევროპის უმეტეს ნაწილში ელექტრო სარეცხი მანქანები 1950-იან წლებამდე ვერ დააინტერესა მომხმარებელი. ეს დიდწილად გამოწვეული იყო მეორე მსოფლიო ომის ეკონომიკური ზემოქმედებით სამომხმარებლო ბაზარზე. თავდაპირველად ამ ძვირფასი და სასარგებლო ნივთის ფასი საკმაოდ მაღალი იყო, რაც როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი ვერ სდებოდა. ეს გარემოება ერთის მხრივ საერთო სამრეცხაოების არსებობას განაპირობებდა, რომელთა რიცხვმაც გარკვეულწილად იმატა. კერძო პირებისა და კომპანიების მიერ რამდენიმე ერთეული სარეცხი მანქანით უზრუნველყოფა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის სუფთა ტანსაცმლით უზრუნველყოფას განაპირობებდა. დიზაინი იცვლებოდა და კომპანიების ნაწილმა ორკამერიანი მანქანებიც გამოუშვეს, სადაც გარეცხვისა და გავლების ფუნქციები გადანაწილდა. ავტომატური სარეცხი მანქანები დიდ ბრიტანეთში 1970-იან წლების შემდეგ გამოჩნდა. მათში ნებისმიერი ცვლილება ბარაბნის სიჩქარეში მიიღწეოდა მექანიკური საშუალებებით. თანდათან, ძრავის სიჩქარის ელექტრონული კონტროლი უფრო ძვირი მოდელების საერთო მახასიათებელი გახდა.
სიმძლავრე და ღირებულება ეს ორი ფაქტორი გასათვალისწინებელია სარეცხი მანქანის შეძენისას. ყველა სხვა მახასიათებლები შესაძლოა თანაბარი იყოს ამა თუ იმ ბრენდში, თუმცა მაღალი სიმძლავრის მანქანის ყიდვა უფრო ძვირი ჯდება, მაგრამ უფრო მოსახერხებელი იქნება, თუ დიდი რაოდენობით სამრეცხაო უნდა გაიწმინდოს. მეოცე საუკუნის ბოლოდან მზარდი ყურადღება ექცეოდა ეფექტურობას, რეგულაციებს, რომლებიც გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და ეფექტურობა, როგორც ხარჯების დაზოგვის, ასევე ენერგიის გამომუშავებასთან და წყლის ნარჩენებთან დაკავშირებული ნახშირორჟანგის ემისიების შესამცირებლად.
ასე, უკვე თითქმის 3 საუკუნის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანის აღმოჩენებით წარმოებული დიასახლისების დამხმარე სარეცხი მანქანა კვლავ განაგრძობს განვითარებას და მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.