ექსპორტის შემცირებაზე საუბრობენ საქართველოს ხილის ექსპორტიორთა ასოციაციაშიც. ამის მიზეზი კი შიდა მოთხოვნის ზრდაა, რაც გამოწვეულია საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული ნაკადის ზრდითა და რუსეთის მოქალაქეების დიდი ოდენობით შემოსვლით.
როგორც ასოციაციაში ამბობენ, ციტრუსის წლევანდელი მოსავალი შარშანდელთან შედარებით 20 ათასი ტონით ნაკლებია და მოსალოდნელი 40 ათასი ტონა არ იქნება იმ ხარისხის, რომ ექსპორტზე გავიდეს. რაც შეეხება ვაშლს, მოსავალი ძალიან დიდია, თუმცა პრობლემები აქაც არის, ძირითადად ხარისხსა და შეფუთვაში. გარდა ამისა, არ არის საკმარისი სამაცივრე მეურნეობები პროდუქტების შესანახად. შესაბამისად, ხილის ექსპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუ ეს ინფრასტრუქტურა არ შეიქმნება და პროდუქციის ხარისხი არ გაიზრდება, მაშინ ექსპორტზე ფიქრს აზრი არ აქვს.
რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, ამჟამად ქართული ხილისა და ბოსტნეულის ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსული ბაზარია და პროდუქციის დაახლოებით 80% რუსეთში მიდის.