პრემიერ-მინისტრის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ სამომავლო გეგმას წარმატება არ უწერია - ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ანაკლიის პორტის სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც კონსორციუმში განმარტავენ, მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის მაშინ, როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია.
მათივე თქმით, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, „მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას“.
„პალიტრანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ანაკლიის პროექტსა და მის წარსულ ისტორიაზე არაერთი მცდარი ინფორმაცია გააჟღერა. მან ასევე წარმოადგინა პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმა, რომელსაც წარმატება არ უწერია. გვინდა პრემიერ-მინისტრს შევახსენოთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში. მას მოუწევს პასუხისგება ყველა ცრუ განცხადებაზე.
ADC-ს სურს გამოყოს რამდენიმე ყველაზე დრამატულად მცდარი და შეცდომაში შემყვანი პუნქტი პრემიერ - მინისტრის გამოსვლაში:
მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, მაშინ როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია. ეს არის კორუფციული და მოტყუებული პრივატიზაციისა და კონცესიის პროცესი, რომელიც სცადეს საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში 1990-იან წლებში. მაშინ ეს ვერ მოხერხდა კორუფციის რისკის გამო და იგივე იქნება ახლაც. უფრო მეტიც, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას.
სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო.
დაუჯერებელია, რომ მთავრობა 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ანაკლიის პორტის პროექტში, ნაღდი ფულის სახით ბიუჯეტიდან ან სხვა სახელმწიფო სახსრებიდან მაშინ, როდესაც მან უარი თქვა 50 მილიონი დოლარის გარანტიის სახით (არა ნაღდი ფულის) გაცემაზეც კი, რომ ხელი შეეწყო ADC-თვის პორტის ასაშენებლად საჭირო დაფინანსების მოპოვებაში.
მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრს სურს, მთავრობამ „სასწრაფოდ“ გააგრძელოს ანაკლიის პროექტი, აშკარად მცდარია. ანაკლიის პროექტის შეწყვეტის შემდეგ თითქმის სამი წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია. მან 2020 წლის თებერვალშიც კი თქვა, რომ „ორ კვირაში“ გამოაცხადებდა ხელახალი ტენდერის გეგმებს. პრემიერ- მინისტრი ახლა მხოლოდ იმის გამო ლაპარაკობს, რომ პროექტზე დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელიც ფარდას ხდის ხელისუფლების არაკეთილსინდისიერებას ამ პროექტის შეწყვეტაში.
ანაკლიის ტრაგედიაზე და აქ განსაკუთრებით იგულისხმება უმუშევრად, დამსხვრეული იმედებით და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დარჩენილი ანაკლიელების ტრაგედია, პასუხისმგებელია სახელმწიფო, რომელმაც შეაჩერა და არ მისცა საშუალება ADC-ს, რომ დაესრულებინა დაწყებული პროექტი. საქართველოს მთავრობა ფლობს, აკონტროლებს და უგულებელყოფს ამ ადგილს უკვე თითქმის სამი წელია - მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება ADC-სთან. მთავრობას თითი არ გაუნძრევია და ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს იმ გარემოსდაცვითი პრობლემის შესამსუბუქებლად, რაც მათ პროექტის შეჩერებით გამოიწვიეს ანაკლიაში. არც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასრულებასა და განვითარებაზე უზრუნიათ ანაკლიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მითუმეტეს თუ პორტის მშენებლობის განახლებას აპირებენ.
პრემიერ-მინისტრის იმავდროული განცხადება, რომ მხარს უჭერს ფოთში უფრო დიდი პორტის განვითარებას, მეტყველებს ანაკლიის განვითარების გეგმების შესახებ მისი განცხადებების არაგულწრფელობასა და აბსურდულობაზე. პრემიერმა კარგად იცის, რომ მთავრობის მხრიდან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციური განვითარების მუდმივი წახალისება იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ბანკებისა და კერძო ინვესტორებისთვის, რომ დაეფინანსებინათ უფრო დიდი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით რთულ ვითარებაშია, რადგან პანდორას დოკუმენტები ადასტურებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბატონ ივანიშვილს დიდი ხანია აქვს ბიზნეს ინტერესი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, რაც დამოკიდებულია ფოთის პორტის განვითარებასა და გაფართოებაზე. ამიტომ პრემიერს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რომ თავი ისე ეჭიროს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, და მეორე მხრივ, არ გაუნაპირდეს თავისი პარტიის ლიდერსა და სხვა ოლიგარქიულ ინტერესებს ფოთის პორტის განვითარებაში.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუდიტმა დაადასტურა, ADC-ის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა $75 მილიონი (და მეტი), საიდანაც $40 მილიონი იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ ინვესტირებული (და არა $3 მილიონი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა).
დაბოლოს, პრემიერმა ასევე კარგად უნდა იცოდეს, რომ ADC მუდმივად ცდილობდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას. ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი აქციონერებისთვის არბიტრაჟის დაწყება იყო უკანასკნელი საშუალება, რაზე წასვლაც აიძულა მთავრობის მტკიცე წინააღმდეგობამ, რომ ADC-ს მისცემოდა ინვესტორებისა და ბანკებისგან პროექტის დაფინანსების მოპოვებისა და მისი მშენებლობის დასრულების საშუალება. საარბიტრაჟო საქმეში ზიანის ანაზღაურების შესახებ ADC-ის მოთხოვნა აუცილებელია იმისათვის, რომ დაიცვას თავისი და მისი აქციონერების კანონიერი უფლებები, მაგრამ საქართველოს მთავრობამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი გროშის დახარჯვის გარეშე შეუძლია მოაგვაროს დავა, თუ გონივრულად და კეთილსინდისიერად მოილაპარაკებდა ADC-თან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასასრულებლად საჭირო ინვესტიციისა და დაფინანსების უზრუნველსაყოფად.
ჩვენი სურვილია, ვიხილოთ ანაკლიის პორტის განვითარება - უბრალოდ და მარტივად. მთავრობის ამ უახლეს სქემას წარმატების შანსი არ აქვს და ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ჩერდება და სურს სხვას დააბრალოს თავისი წარუმატებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.