ყოველდღიურად საქართველოს ასობით მოქალაქე მექსიკა-ამერიკის საზღვარს კვეთს და ლტოლვილად ბარდება. გზა, რომელსაც ისინი ირჩევენ, რთული და ძვირია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ აქვთ ინფორმაცია, რამდენად სარისკოა ამ გზით შტატებში მოხვედრა, ისინი მაინც მიდიან. მიდიან ოჯახებით, პატარა ბავშვებით, ერთ ჩემოდანში ჩატეული ცხოვრებით და იმედით, ამერიკული ოცნების ახდენის იმედით.
ამერიკული ოცნება თუ ე.წ. გოლგოთას გზა. ამერიკამდე მისასვლელი გზები და ისტორიები საზღვრიდან ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა ამერიკაში ჩასვლის შემდეგ გამოწვევები და წინაღობები ერთმანეთს ძალიან ჰგავს. ჩვენ დავინტერესდით, არსებობს თუ არა კონკრეტული ფორმულა ბარიერებთან გასამკლავებლად, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის.
როგორც აღმოჩნდა, ფორმულა ერთია და ის 22 წელია არ შეცვლილა. მარინა ჯიქიამ საქართველო 2001 წელს დატოვა და ახლა პირადი გამოცდილებით გვიზიარებს ამერიკულ რეალობამდე მისასვლელ რჩევებს.