პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს წინა ორი მუნდიალის (2014 და 2018 წლების) ვიცე-ჩემპიონები: არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
სამხრეთამერიკელები ტურნირის დაწყებამდე მუნდიალის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ. მიუხედავად სტარტზე საუდის არაბეთთან განცდილი სენსაციური მარცხისა, ლიონელ სკალონის გუნდმა ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მაინც მოახერხა.
არგენტინელებისგან განსხვავებით, ხორვატების ამ ეტაპამდე გასვლას ძალიან ცოტა თუ იწინასწარმეტყველებდა. ბევრი ვარაუდობდა, რომ ზლატკო დალიჩის გუნდი, რომელმაც ფორმის პიკი უკვე გადაიარა, ჯგუფში ჩარჩებოდა, მაგრამ მათ ჯერ თერთმეტმეტრიანების სერიაში იაპონია გააგდეს, შემდეგ კი ბრაზილიას არაფერი დაუთმეს და ასევე პენალტების სერიაში ტურნირს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ჩამოაშორეს. ხორვატები ძალიან ახლოს არიან ზედიზედ მეორე მუნდიალის ფინალთან.
რაც შეეხება არგენტინელებს - დღევანდელ შეხვედრაში სამხრეთამერიკელების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მოედნის ცენტრის გაკონტროლება იქნება, სადაც ძალიან გამოცდილი მოდრიჩი, ბროზოვიჩსა და კოვაჩიჩთან ერთად, შესანიშნავ ტრიოს ქმნის. ხორვატების თავის ტკივილი კი ლიონელ მესი უნდა იყოს, რომელიც ამ მუნდიალზე მშვენივრად გამოიყურება და "ალბისელესტეს" მთავარი იარაღია.
ცნობისთვის, არგენტინისა და ხორვატიის ნახევარფინალური შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.