უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ მელიტოპოლსა და სოფელ კონსტანტინოვკას დამაკავშირებელ ხიდს დაარტყეს, რომლის საშუალებითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ, - ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტოპოლის მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"მელიტოპოლში "დაიღალა" ხიდი, რომელიც ქალაქს სოფელ კონსტანტინოვკასთან აკავშირებდა. ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ხიდი ყირიმის ხიდის "დაღლილობის" შემდეგ. სწორედ მისი მეშვეობით გადაჰქონდათ ოკუპანტებს აღმოსავლეთით სამხედრო ტექნიკა“, - დაწერა მელიტოპოლის მერმა „ტელეგრამზე“.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან.
შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხიდის კონსტრუქციის ნაწილი ჩაძირულია. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. რუსებმა აღიარეს, რომ ხიდის საყრდენები დაზიანდა.