ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის და იციან, რომ ისინი მათ ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.
მისი თქმით, ეს უკვე არა მხოლოდ უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია.
„ბოროტების ღერძი ჩამოყალიბებულია. ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის და იციან, რომ ისინი მათ ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ. რუსეთის ფედერაცია ეხმარება ირანს სამხედრო (ბირთვული?) ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთის აფეთქებისთვის. ეს უკვე არა უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია. ვაპირებთ, უბრალოდ ვუყუროთ?“ - წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ რუსეთი უპრეცედენტო დონის სამხედრო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ირანს ირანული იარაღის სისტემების სანაცვლოდ.