Disney-ის გაახალგაზრდავების ტექნოლოგიით გატაცება ახალი ამბავი ნამდვილად არ არის და, როგორც ჩანს, ეს ბრძოლა გრძელდება. Gizmodo-ს ცნობით, კომპანიამ შექმნა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მსახიობების ასაკს ეკრანზე ავტომატურად შეცვლის.
"გაახალგაზრდავება", როგორც მას Disney ეძახის, უფრო ზუსტი იქნება. FRAN-ს (Face Re-aging Network), გაახალგაზრდავების გარდა, მსახიობის დაბერებაც შეეძლება და საგრძნობლად შეამცირებს ფილმის ვიზუალური ეფექტების დამუშავების დროს, რაც ხშირად კვირებსაც მოითხოვს. ამ ეფექტის მისაღწევად ხშირად მსახიობის სახის თითოეული 2D ჩარჩოს დახატვა, ან მისი ციფრული "თოჯინით" ჩანაცვლებაა აუცილებელი.
Disney-ის მკვლევრების თქმით, FRAN გამოიყენებს ტრადიციულ მეთოდებს, გააკეთებს ამას ძალიან სწრაფად და გაუმარტივებს საქმეს ფილმზე მომუშავე საზოგადოებას.
FRAN-ის განსაკუთრებულობაყველასათვის საყვარელი სტუდიის მიერ შექმნილი AI სხვა "კოლეგებს", მოძრაობის ნაწილში, ბევრად აღემატება. მკვეთრი და ზედმეტი მოძრაობის, ან ზედმეტად მახვილი კუთხის შემთხვევაში, ბევრი სხვა მსგავსი ტექნოლოგია ხარვეზებით მუშაობს და ამგვარად "დაბერებული" ან "გაახალგაზრდავებული" სახე არც ისე ბუნებრივი ჩანს.
FRAN მთელი სახის შეცვლას არ ცდილობს, ის მხოლოდ სპეციფიკურ დეტალებზე მუშაობს. მაგალითად, სასურველი ასაკის გათვალისწინებით, ხელოვნური ინტელექტი შეარჩევს სახის იმ ნაწილებს, სადაც, შესაძლოა, პერსონაჟს ჰქონდეს ნაოჭები და მათი სიღრმეც ასაკის შესაბამისად ბუნებრივი იქნება. გარდა ამისა, მსახიობს FRAN-ის შექმნილ მოდელში კონკრეტული ცვლილებების შეტანა თავადაც შეეძლება. Disney-ის მტკიცებით, ტექნოლოგია უკვე საბოლოოდ მზადაა გამოსაყენებლად.
ასეთი ეფექტური ხელსაწყოს შესაქმნელად მკვლევრებს მოძველებული ანალოგების გამოყენება მაინც მოუწიათ. მათ, თავდაპირველად, ათასობით შემთხვევითობის პრინციპით გენერირებული სახის გამოსახულებით შექმნეს საკუთარი მონაცემთა ბაზა, შემდეგ კი ამ ტექნოლოგიებით შეცვალეს ისინი. სწორედ ამ ტიპის მასალისგან "ისწავლა" FRAN-მა ის, რაშიც ახლა საუკეთესოა.
მიუხედავად ყველაფრისა, FRAN უნაკლო ნამდვილად არ არის, რადგან დაბერება მხოლოდ ნაოჭების დაგროვება არ არის და ხელოვნური ინტელექტისთვის ამ პროცესის განსაკუთრებული ნიუანსების გამოჭერა ძალიან რთულია. რაც შეეხება გაახალგაზრდავებას, ის ბევრად ბუნებრივი გამოდის, რადგან AI უბრალოდ კანს უფრო გლუვს ხდის, თუმცა, რა თქმა უნდა, გადამეტება არც ამ შემთხვევაშია გამორიცხული. თუმცა, სავალდებულო არ არის, რომ AI იდეალური იყოს, ამ ფორმითაც, ის კინოკომპანიებს მილიონობით დოლარისა და დიდი დროის დაზოგვაში დაეხმარება.