კანიე ვესტი, რომელმაც სახელი ოფიციალურად შეიცვალა და Ye გახდა, სოციალურ ქსელ Parler-ს აღარ ყიდულობს. პარლერის წარმომადგენლების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ორმხრივი იყო: "პარლერის შესყიდვის ხელშეკრულების შეწყვეტა ორმხრივი გადაწყვეტილება იყო. ეს შეთანხმება ნოემბრის შუა რიცხვებში შედგა ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით. პარლერი განაგრძობს ზრდის შესაძლებლობების მოძიებას მომავალშიც და პლატფორმის განვითარებას ჩვენი საზოგადოებისთვის."
როგორც ვარაუდობენ, კანიეს ბიზნესსირთულეები და სკანდალები ერთ-ერთი ფაქტორი იყო ამ გადაწყვეტილების მიღებისას. 2022 წლის ოქტომბერში ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორებიცაა Balenciaga, Gap და Adidas, ვესტთან თანამშრომლობა შეწყვიტეს მისი ანტისემიტური კომენტარების გამო. შემდეგ კი Forbes-მა განაცხადა, რომ Ye მათი მილიარდერების სიაში აღარ იმყოფებოდა. მათი შეფასებით, კანიეს $1,5-მილიარდიან ქონებაში მეტ წილს ადიდასთან პარტნიორობა შეადგენდა. როგორც ჩანს, ამ ყველაფერმა რეპერის სამომავლო კონტრაქტებზეც იმოქმედა და მასთან კოლაბორაციის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა.
ინფორმაციისთვის, Parler 2018 წელს დაარსდა და მომხმარებელთა დიდი რაოდენობა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიზიდა, რადგან ქსელის მომხმარებლებს კონსერვატიული იდეების გაჟღერება თამამად შეეძლოთ.
Parler-ის აპლიკაცია აშშ-ში 6,2 მილიონჯერ, ხოლო მსოფლიოში 8,5 მილიონჯერ ჩამოტვირთეს.