ამერიკელი მწერალი სტივენ კინგი, რომლის შემოქმედებამ თითქმის ყველა ჟანრი გააერთიანა ტრილერის, დრამისა და დეტექტივის ჩათვლით, არა მხოლოდ ყველაზე ნაყოფიერი, არამედ ყველაზე ეკრანიზებული ავტორია. კინგის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილმა ფილმებმა, რომლებიც ყოველთვის ორიგინალური სიუჟეტით, თვითმყოფადი პერსონაჟებითა და მოულოდნელი ფინალით გამოირჩევიან, ერთგვარი დამოუკიდებელ ჟანრი შექმნეს და უზარმაზარი გავლენა მოახდინეს მთლიანად კინოკულტურაზე.
სტივენი ორი წლის იყო, როცა მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მართალია, დედა დიდხანს არწმუნებდა, თითქოს თამბაქოს საყიდლად წასული და სამუდამოდ გაუჩინარებული მამა უცხოპლანეტელებმა გაიტაცეს, მაგრამ სინამდვილეში, უფროსი კინგი მეზობლად ცხოვრობდა საყვარელთან ერთად. სტივენი წლების მანძილზე ნატრობდა მამასთან შეხვედრას, თუმცა როგორც უკვე ზრდასრულმა აღიარა, თვითონაც არ იცოდა, მამის ნახვა უფრო უნდოდა, თუ უცხოპლანეტელების გაცნობა.
სტივენის შემოქმედების პირველი შემფასებელი დედა გახდა, რომელმაც ოთხი მცირე მოთხრობა წაიკითხა და თითოეულში 25 ცენტი გადაუხადა, დედის სურვილითვე დაიწყო მოზარდმა კინგმა ნოველების წერა, რადგან მისის კინგს ყოველთვის სჯეროდა, რომ მის შვილს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, აუცილებლად ცნობილი მწერალი გახდებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა მის წახალისებას.
ჰოვარდ ლავკრაფტის შემოქმედებით გატაცებულმა კინგმა სწორედ მისი გავლენით შექმნა პირველი მოთხრობა, რომელიც 13 წლისამ გაგზავნა ჟურნალ „კოსმოსში“, თუმცა უარი მიიღო მის დაბეჭდვაზე და დიდი ხნით დაივიწყა. 20 წლის შემდეგ მწერალი მოულოდნელად გადააწყდა ბავშვობის მოთხრობას, რომელიც გამოცემის რედაქტორმა შეინახა და უკვე ცნობილ მწერალს სთხოვა მასზე ავტოგრაფის გაკეთება.
სხვათა შორის, კინგს არც ავტოგრაფების დარიგება უყვარს, არც მკითხველთან შეხვედრების მოწყობა.მართალია, მწერლის ამგვარ ქცევას თაყვანისმცემელთა ნაწილი უცნაურ ფობიას, ნაწილი კი, სიზარმაცეს მიაწერს, მაგრამ სინამდვილეში, მწერალს ძალიან არ მოსწონს ცნობილი პერსონებისგან კერპების შექმნა და მხოლოდ ამიტომ გაურბის მათთან შეხვედრას.
უზარმაზარ ლურსმანზე, რომელიც კინგმა საწერ მაგიდასთან ახლოს მიაჭედა კედელზე, გამომცემლების უარის წერილებს აგროვებდა, „იმდენი მაკულატურა დამიგროვდა, ერთ რომანს ნამდვილად დაიტევდა“, - ხუმრობით აღნიშნა მწერალმა, რომელმაც ეროტიკული რომანების წერაც მოსინჯა, თუმცა ვერცერთი ვერ დაასრულა, რადგან ძალიან გაუჭირდა მსგავსი ჟანრის სერიოზულ ლიტერატურად აღქმა.
კოლეჯში სწავლის პარალელურად კინგი სამრეცხაოში მუშაობდა მეუღლის და სამი შვილის სარჩენად, რომლებიც ტრეილერში ცხოვრობდნენ. მომავალი მწერალი მეტწილად ღამის ცვლაში საქმიანობდა, მომხმარებლის სამოსს ფუთავდა, აგრესიულ ვირთხებს იგერიებდა და მომავალი რომანებისთვის იგონებდა ისტორიებს. სწორედ სამრეცხაოს პირქუში გარემოს გავლენით შეიქმნა რომანები „ღამის ცვლა“ და „ზოგჯერ ისინი ბრუნდებიან“, რომელთაც არასასიამოვნო მოგონებების მიუხედავად, მაინც სოლიდური შემოსავალი მოუტანეს ავტორს.
კინგი, რომელიც მდიდარი ფანტაზიისა და შემოქმედებითი პოტენციალის მიუხედავად, საოცრად ზარმაცი მწერალი აღმოჩნდა, კარიერის დასაწყისშივე შეჰპირდა საკუთარ თავს, რომ დღეში სულ მცირე 2 ათასი სიტყვის მაინც დაწერდა. მწერალი დღემდე ასრულებს წლების წინ საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას, დარღვევის შემთხვევაში კი, მეორე დღეს ანაზღაურებს დანაკლისს.
კინგის რომანების უმეტესობის მოქმედება მის მშობლიურ - მენის შტატში ვითარდება, რომელსაც ავტორმა „ამერიკის ყველაზე იდუმალებით მოცული შტატი“ უწოდა, ცნობილი ქალაქი კასლ-როკი კი, თვითონ გამოიგონა, რადგან პორტლენდი, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ნაკლებად პროზაულად მოეჩვენა.
მართალია, ეკრანიზაციები მწერალს ყოველთვის სოლიდური შემოსავლით უზრუნველყოფენ, მაგრამ კინგი არასდროს ცდილობს ახალი ნაწარმოების ეკრანზე მორგებით შექმნას, რადგან თვლის, რომ „ყველა ნამუშევარს თავისი ცხოვრებას აქვს და თუ საჭირო გახდა, აუცილებლად გამონახავს გზას ეკრანისკენ“.
კინგის პირველ სერიოზულ ნამუშევრად 1974 წელს შექმნილი „კერი“ იქცა. მართალია, რომანი კომერციულად მომგებიანი აღმოჩნდა, მაგრამ თავიდან არავის სურდა მისი გამოცემა. მწერალმა 30 გამომცემლისგან მიიღო უარი და იმედგაცრუებულმა პირდაპირ ნაგვის ურნაში მოისროლა ხელნაწერი, რომელიც მეუღლემ გადაარჩინა და მანვე აიძულა ნაწარმოების დამუშავება, თვითონ კი მის გამოცემაზე იზრუნა. პირველმა ჰონორარმა მთელი 400 ათასი დოლარი შეადგინა, თუმცა კინგმა მაინც ვერ შეძლო მისი შეყვარება, რადგან როგორც თავად აღნიშნა, ვერც რომანის გმირების დაიჯერა, ვერც მთავარი პერსონაჟს - კერის გაუგო.
1976 წელს კინგის შემოქმედებით ბრაიან დე პალმა დაინტერესდა, რომელმაც „კერის“ დადგმა გადაწყვიტა და ლიტერატურული პირველწყაროს ზუსტი გამეორებით ერთგვარი საეტალონო ეკრანიზაცია შექმნა. ჰიჩკოკის თაყვანისმცემელმა დე პალმამ იდეალურად გადმოსცა კონსერვატორული სკოლის კოშმარული ატმოსფერო და მოზარდების რთული ცხოვრება მუდმივი დაცინვისა და დამცირების ფონზე, მთავარი როლის შემსრულებელმა სისი სპეისეკმა კი, რომელიც გამჭოლი მზერით ცდილობს მტრად ქცეული თანატოლების განადგურებას, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი კლასიკური ჰორორის პერსონაჟთა გალერეაში.
ფსიქოლოგიური ჰორორისა და გოთიკური ლიტერატურის ჟანრში რომანის შექმნა კინგს ერთის მხრივ, ჯონ ლენონის სიმღერამ Instant Karma-მ, მეორეს მხრივ, კოშმარულმა სიზმარმა შთააგონა, რომლის ნეგატიური შეგრძნებისგან გათავისუფლება სწორედ ახალი ისტორიის მოფიქრებით სცადა. მცდელობამ გაამართლა, რადგან „ნათება“ არა მხოლოდ კინგის პირველი ბესტსელერი, არამედ ჟურნალ Locus-ის ნომინანტიც გახდა საუკეთესო ფანტასტიკური რომანის კატეგორიაში.
არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა სტენლი კუბრიკის კინოვერსია, რომელიც რეჟისორმა საკუთარი ინტერპრეტაციით შესთავაზა მაყურებელს და ავტორის წყრომაც დაიმსახურა, რომელმაც საკუთარი რომანების ყველაზე ცუდ ადაპტაციად მიიჩნია კუბრიკის ნამუშევარი და სერიოზული კონფლიქტი მოუვიდა რეჟისორთან, „კუბრიკის მთავარი პრობლემა გამოუცდელობაა, რადგან ისე მოინდომა საშინელებათა ფილმის გადაღება, რომ არც უცდია თავად ჰორორის ჟანრის გაგება“, - აღნიშნა მწერალმა და საერთოდ უარი თქვა ფილმის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაზე.
შესაძლოა, კუბრიკმა მართლაც ვერ გაუგო კინგს, თუმცა სწორედ მან უკვდავყო მწერალი კინემატოგრაფიაში, რადგან ავტორის უკმაყოფილების მიუხედავად, ზუსტად მისი „ნათება“ იქცა ჰორორის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად, რომელსაც უამრავი მიმბაძველი გამოუჩნდა. მეტიც, ფილმი სცენებად დაიშალა და ამავე ჟანრის პრაქტიკულად ყველა ფილმში მოხვდა, ისე თითქოს რეჟისორები საკუთარ პროფესიულ მოვალეობად თვლიან კუბრიკის ციტირებას.
საკმაოდ მოცულობითი, 304-გვერდიანი ფანტასტიკური რომანი ტრილერის ელემენტებით, რომელიც სულ რაღაც 10 დღეში შეიქმნა, კინგმა რიჩარდ ბაჰმანის ფსევდონიმით გამოსცა, რადგან სიუჟეტი კოლეგა მწერლის რობერტ შეკლის მოთხრობიდან „პრემია და რისკი“ ისესხა და ძალიან შეეშინდა, რომ მსგავსი თაღლითობა რეპუტაციას გაუფუჭებდა. ავტორის ეჭვი გამართლდა, რომანმა ვერც კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა, ვერც მკითხველი აღაფრთოვანა, თუმცა მაინც მნიშვნელოვან, ერთგვარ საეტაპო ნამუშევრად იქცა, რადგან სწორედ მისი წყალობით მოსინჯა მწერალმა საკუთარი შესაძლებლობები ფანტასტიკის ჟანრში.
არ ჩამორჩა კინგს არც პოლ მაიკლ გლეიზერი, რომელმაც ნამდვილი ფანტასტიკური ანტიუტოპია დადგა მწვავე სოციალური ქვეტექსტით, 1980-იანი წლებისთვის მეტად შთამბეჭდავი დეკორაციითა და კოსტიუმებით. მართალია, ფილმი, რომლის მოქმედება 2017 წელს ვითარდება, საგრძნობლად განსხვავდება, ლიტერატურული პირველწყაროსგან, მაგრამ ერთგვარი სუპერატრაქციონი, რომელიც გლეიზერმა გამოგონილი ქვეყნის დიქტატორული რეჟიმის ფონზე შექმნა, მაინც საინტერესო აღმოჩნდა მაყურებლისთვის.
ნოსტალგიური, სენტიმენტალური მოთხრობა „სხეული“, რომელიც კრებულში „ოთხი სეზონი“ შევიდა, კინგმა 1982 წელს გამოსცა და ისევ ყველა გააკვირვა, რადგან უარი თქვა ტრადიციულ ჰორორზე და დრამის ჟანრში სცადა 1950-იანი წლების პორტლენდში გატარებული ბავშვობის გახსენება.
ერთგვარი პარალელი გაავლო და საკუთარ ბავშვობას დაუბრუნდა რობ რაინერიც, რომელმაც ბრწყინვალედ განახორციელა კინგის მოთხრობის ეკრანიზაცია. თუმცა, ფილმის საკულტო სტატუსი არა იმდენად რეჟისორის ოსტატობამ, „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციამ, რამდენადაც 15 წლის რივერ ფენიქსის ქარიზმამ განსაზღვრა, რომელმაც ხანმოკლე კარიერის მიუხედავად მაინც შეძლო დასამახსოვრებელი პერსონაჟების შექმნა. აღსანიშნავია, ფილმის სცენარიც, ერთგვარი ირონიული მსჯელობა ამერიკულ პოპ-კულტურაზე, რომელიც მოგვიანებით კვენტინ ტანანტინოს სავიზიტო ბართად იქცა, თუმცა სწორედ რაინერის ფილმში გაჟღერდა პირველად.
ფსიქოლოგიურ ტრილერს „მიზერი“ პოპულარული მწერლის - პოლ შელდონის და მისი ფსიქიურად აშლილი თაყვანისმცემლის - ენი უილქსის ისტორია დაედო საუძვლად. ავტოკატასტროფის შედეგად მძიმედ ტრავმირებული შელდონი ყოფილი მედდის უილქსის სახლში ხვდება და მართალია, თავიდან სრულიად გულწრფელად ემადლიერება უსასყიდლოდ გაწეული მკურნალობისა და მზრუნველობისთვის, მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდება, რომ შეშლილი ქალბატონის ტყვეობაში აღმოჩენილს, მთელი ცხოვრება მისი კაპრიზების შესრულება მოუწევს.
სხვათა შორის, რომანის გამოსვლის შემდეგ „ჰორორის მეფემ“ საკუთარ თავზეც გამოცადა შიში, როცა შეშლილი ფანი შეუვარდა სახლში და აფეთქებით დაემუქრა, რადგან ჩათვალა, რომ მთავარი პერსონაჟი ავტორმა სწორედ მის პროტოტიპად შექმნა. კინგი მხოლოდ მეუღლის წყალობით გადაურჩა სიკვდილს, რომელმაც სახლიდან გაღწევა და პოლიციის გამოძახება მოახერხა. თავდამსხმელი ფსიქიურად გაუწონასწორებელი, ვინმე ენტონი უილიამსი აღმოჩნდა, ბომბი კი, რომლითაც აფეთქებას იმუქრებოდა, მხოლოდ ბუტაფორია გამოდგა.
რომანის მიხედვით ფილმის დადგმა ისევ რობ რაინერმა ითავა, რომელმაც მთავარი როლის შემსრულებელს კეტი ბეიტს „ოსკარი“ და „ოქროს“ გლობუსი“, მაყურებელს კი, სრულიად ახალი, თუმცა საოცრად შთამბეჭდავი - ფანატიკოსი თაყვანისმცემლის პერსონაჟი აჩუქა. მართალია, პოლ შელდონის როლზე რეჟისორს ჯეკ ნიკოლსონის მიწვევა სურდა, მაგრამ კუბრიკის „ნათებაში“ შეძენილი მწარე გამოცდილების შემდეგ მსახიობმა უარი თქვა შეთავაზებაზე. არ მოინდომეს ფილმში მონაწილეობა არც ალ პაჩინომ, დასტინ ჰოფმანმა და რობერტ დენირომ, რომელთაც ზედმეტად უინტერესოდ და უღიმღამოდ მოეჩვენათ მწერლის როლი ანტაგონისტი პერსონაჟის - ენი უილქსის ფონზე, ჯეიმს კაანი კი, სიამოვნებით დათანხმდა შეთავაზებას, თუმცა მოგვიანებით ინანა, რადგან როგორც თავად აღნიშნა, სწორედ უილქსის ბრწყინვალე თამაშის წყალობით გამოცადა საკუთარ თავზე შეშლილი ფანატიკოსის ტყვეობის მთელი კოშმარი.
საერთო ჯამში კინგი 250-ზე მეტი რომანის, მოთხრობისა და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელთაგან 84 ფილმად და სერიალად ადაპტირებული იხილა მაყურებელმა. მართალია, პუბლიკა ე.წ. ციხის დრამებს „მწვანე მილსა“ და „შოუშენკიდან გაქცევას“ ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ თავად კინგს მაინც 1986 წელს შექმნილი რომანი „ის“ მოსწონს, რომლის ეკრანულმა ვერსიამ მთელი 12 მილიონით გაამდიდრა.