რუსეთმა დაკავებული ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტზე გაცვალა.
გრაინერი მოსკოვის აეროპორტში კანაფის ზეთის გადატანის ბრალდებით ამა წლის თებერვალში დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო ბუტი 2008 წელს ტაილანდში დააპატიმრეს და შემდეგ მისი აშშ-ში ექსტრადიცია განხორციელდა.
ცნობისათვის, რუსეთისგან განსხვავებით კანაფის ზეთი დასავლეთის ბევრ ქვეყანაში აკრძალული არ არის. ბუტი ყოფილი საბჭოთა სამხედრო თარჯიმანი და იარაღის ცნობილი დილერია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბრიტნი გრაინერი რუსეთში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდა, მის გათავისუფლებაზე დიდი ხანია მუშაობდნენ, ის უკვე თვითმფრინავშია, ტელეფონით ესაუბრა და დახმარებისათვის არაბთა გაერთიანებულ საემიროებს მადლობა გადაუხადა.
გაცვლა აბუ-დაბის აეროპორტში განხორციელდა.